Thumbnail

ასტრონომებმა დედამიწასთან ახლოს ახალი პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიაში მდებარე გეტინგენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ასტრონომთა გუნდმა დედამიწიდან 10.7 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტები აღმოაჩინა. GJ 887-ის სახელით ცნობილ წითელ ჯუჯას მეცნიერები ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში განთავსებული სპექტოგრაფის HARPS მეშვეობით 3 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხელსაწყოს წყალობით, მათ ვარსკვლავის სინათლის პერიოდული რხევა დააფიქსირეს, რაც, როგორც წესი, მასზე პლანეტების გრავიტაციული ველის ზემოქმედებითაა განპირობებული. შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებმა ორი ციური სხეული - GJ 887b და GJ 887c აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულების წყვილი აღმოაჩინეს

გამოთვლების მიხედვით, პირველის მასა დედამიწისას 4.2-ჯერ, მეორესი კი 7.6-ჯერ აღემატება. ეს უკანასკნელი ორბიტულ მოძრაობას 21.8 დღეს ანდომებს, ხოლო მისი მეზობელი - 9.3 დღეს. ამის გარდა, შემჩნეული სიგნალები კიდევ ერთ ეგზოპლანეტაზე მიანიშნებს, რომელიც სიცოცხლისთვის თავსებად ზონასთან, სადაც წყლის თხევად მდგომარეობაში არსებობა გამორიცხული არ არის, შესაძლოა, ზემოხსენებულ ობიექტებზე ბევრად ახლოს იყოს. მისი სავარაუდო მასა ჩვენი პლანეტისას 8.3-ჯერ აჭარბებს, ორბიტული გადაადგილების პერიოდი კი 50.7 დღეა.

პლანეტური სისტემის GJ 887 ამსახველი ილუსტრაცია. ფოტო: Dr Mark A. Garlick

აღსანიშნავია, რომ სისტემის ცენტრში მდებარე წითელი ჯუჯა ჩვენი მზისგან განსხვავდება. შედარებით მცირე ზომის ვარსკვლავს ნაკლები სიმხურვალე ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის წარმოსაქმნელად შესაფერისი ადგილი მასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. ამასთანავე, ციური სხეული განსაკუთრებულად სტაბილურია, მისგან მომავალი სინათლე თითქმის უცვლელია და, რაც მთავარია, ამოფრქვევათა სიხშირით არ გამოირჩევა. ეს მეცნიერებს საშუალებას აძლევს დაუშვან, რომ ზემოხსენებული პლანეტების ატმოსფერო მსგავსი რადიაციისგან დაზღვეულია და მას განადგურება არ ემუქრება.

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი 6 მილიარდი პლანეტა არსებობდეს

ასტრონომები კვლევის გაგრძელებას აპირებენ და იმედოვნებენ, რომ დედამიწიდან მცირე მანძილით დაშორებული ციური სხეულების შესახებ ახალ ინფორმაციას მოიპოვებენ. მათი აზრით, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სისტემა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცეს და ის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლონ, რომლის გაშვებაც მომავალ წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები