Thumbnail

ინდოეთში მეხის დაცემამ 147 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბიჰარის შტატში 10 დღის განმავლობაში მეხის დაცემის შედეგად 147 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ამინდის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას ელოდებიან. 

მეტეოროლოგთა განცხადებით, მეხის ჩამოვარდნის შემთხვევების ზრდის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატებაა. მუსონების სეზონის დროს, რომელიც ქვეყანაში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გრძელდება, ეს საკმაოდ ხშირი მოვლენაა და მას ატმოსფეროში არსებული არასტაბილურობა და ჭარბი ტენიანობა განაპირობებს. 

709-კილომეტრიანმა ელვამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქვეყნის ყველაზე ღარიბ შტატში მარტის შემდგომ დროის პერიოდში მეხის ჩამოვარდნას საერთო ჯამში 215 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ადგილობრივი ფერმერია. იმის მიუხედავად, რომ მუსონების სეზონი ახალი დაწყებულია, მეხის დაცემით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების რიცხვს.

გასული თვის მხოლოდ ერთ დღეში ინდოეთში მეხის დაცემით 83 ადამიანი გარდაიცვალა.

მუსონებს დედამიწის ზედაპირთან და ტროპოსფეროს ქვედა ნაწილში ჰაერის მასების მდგრად სეზონურ გადატანას უწოდებენ, რომელსაც ციკლონებისა და ანტიციკლონების მდებარეობის ცვალებადობა და ურთიერთქმედება იწვევს. ისინი მნიშვნელოვანია სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე არსებული წყლის მარაგების შესავსებად, თუმცა მათ გამო ინდოეთს ყოველწლიურად დიდი ზარალი ადგება. პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური აპლიკაციაც კი შექმნა, რომელიც მეხის დაცემის პროგნოზირების საშუალებას იძლევა, თუმცა ბიჰარის შტატში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, სმარტფონები არ აქვს და პროგრამით სარგებლობა არ შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები