Thumbnail

"ევროპაბეთის" მხარდაჭერით მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია, სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა. დასავლეთის ქვეყნებში სოციალური კეთილდღეობის შექმნაში სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ მიერ გაწეული ფინანსური, ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის მხარდაჭერა იმ სოციალური ჯგუფების რეაბილიტაციისკენაა მიმართული, რომლებსაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია თანდათან საქართველოშიც აქტუალობას იძენს, რის ერთ-ერთ მაგალითს "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია responsible.ge წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრში "კამარა" ფსიქოთერაპიის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის თებერვლიდან დაიწყო. 7 ივლისს კი კომპანიის დაფინანსებით ახალი ცენტრი - "მენტალ ჰაბი" გაიხსნა, რომლის ძირითადი ბენეფიციარები ლუდომანიით დაავადებული ადამიანები იქნებიან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ცენტრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების რეაბილიტაციის პროცესში ჩართვასაც გეგმავს.

ამჟამად, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას COVID-19 წარმოადგენს. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალი რამდენიმე თვეა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობს, რაც სხვადასხვა პრობლემას იწვევს. მათი შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ცენტრალურ რგოლს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისა და დარეგულირების კუთხით. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, "მენტალ ჰაბი" სამედიცინო პერსონალს უფასო ფსიქოთერაპიული დახმარებით უზრუნველყოფს.

"მენტალ ჰაბი" ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აერთიანებს. ჩვენი გუნდის წევრები მრავალი წელია, ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან მუშაობენ და სამედიცინო მომსახურების მიწოდების მხრივაც დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ მზად ვართ, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრას მოვახმაროთ. ამჟამად, მნიშვნელოვან გამოწვევას COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა წარმოადგენს. სტრესულ გარემოში მუშაობა მათი შრომის ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას. ამის გამო, გადავწყვიტეთ, ჩვენს კოლეგებს უფასო ფსიქოთერაპიული მომსახურება გავუწიოთ" - აცხადებს "მენტალ ჰაბის" დამფუძნებელი, ფსიქიატრი აკაკი ბურკაძე.

"მენტალ ჰაბის" დამფუძნებელი, ფსიქიატრი აკაკი ბურკაძე

ფსიქორეაბილიტაციის უფასო პროგრამების ამოქმედება "ევროპაბეთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს და საქართველოს სათამაშო ბიზნესში ევროპული მოდელის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

"პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან "კამარა" სწორედ ამ უკანასკნელის ნაწილია. ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსი, რომელიც თებერვალში გამოცხადდა, პანდემიის გამო არ შეჩერებულა და ამ დრომდე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თანამშრომლობის გამოცხადებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ამის მიუხედავად, პროგრამაში ადგილები 2 დღეში სრულად შეივსო, რამაც მომსახურების გაზრდის საჭიროებაში დაგვარწმუნა. "მენტალ ჰაბი" ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი ახალი ცენტრია, რომელიც მაღალი კომპეტენციის პერსონალით არის დაკომპლექტებული, რაც მნიშვნელოვანი რესურსია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის.

მომავალში responsible.ge-ის ეგიდით მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებასა და ახალი პროგრამების განხორციელებასაც ვგეგმავთ, რაც ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის" - აცხადებს "ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.

"ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა

რეგისტრაცია "მენტალ ჰაბში" 8 ივლისიდან დაიწყება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობა 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.

"ევროპაბეთმა" პასუხისმგებლიანი თამაშის კაპმანია 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა. "ევროპაბეთმა" გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.

რეკლამაში დაზოგილი თანხა "ევროპაბეთს" საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც "ევროპაბეთის" მომხმარებლები სარგებლობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები