Thumbnail

ილონ მასკის კომპანიამ გვირაბის გათხრის კონკურსი გამოაცხადა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მიწისქვეშა სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებელმა კომპანიამ The Boring Company, რომლის დამფუძნებელიც სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერი, ილონ მასკია, გვირაბის გათხრის კონკურსი სახელწოდებით Not-A-Boring Competition გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"ჩვენი მიზანი ისეთი გვირაბის გაყვანაა, რომელიც სწრაფ, უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მიწისქვეშა ავტომაგისტრალების ქსელის შესაქმნელად გათხრის სიჩქარის გაზრდა და დანახარჯების მაქსიმალურად შემცირებაა საჭირო", - ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Tesla Model X-მა ილონ მასკის კომპანიის მიერ კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ ჰოთორნში გაყვანილ პირველი საცდელ მიწისქვეშა გვირაბში 2018 წელს გაიარა. ფოტო: Robyn Beck

The Boring Company-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობების მიხედვით, მის მონაწილეებს 30 მეტრი სიგრძისა და 50 სანტიმეტრი დიამეტრის გვირაბის გათხრა ევალებათ. გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან - გვირაბის მშენებლობის ყველაზე სწრაფად დასრულების, დისტანციურად მართვადი ავტომობილის გასავლელად საჭირო გზის მქონე გვირაბის ყველაზე სწრაფად აგებისა და გვირაბის ყველაზე ზუსტი განლაგებისთვის. რა ჯილდოს მიიღებენ კონკურსის მონაწილეები წარმატების შემთხვევაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მსურველებს რეგისტრაციისთვის ანკეტის შევსება უკვე შეუძლიათ.

ილონ მასკის მიერ 2016 წელს შექმნილი The Boring Company-ის მიწისქვეშა გვირაბები Hyperloop და Loop ჩვეულებრივ ავტომაგისტრალზე ორჯერ უფრო სწრაფად გადაადგილების საშუალებას იძლევა. 2018 წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ჰოთორნში პირველი ასეთი საცდელი ნაგებობა გაიყვანეს, მცირე დროში კი გვირაბის მშენებლობა ქალაქ ლას ვეგასში დასრულდება. ასეთივე პროექტების განხორციელებას კომპანია ასევე ჩიკაგოსა და ლოს ანჯელესში გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები