Thumbnail

მომდევნო 5 წელიწადში საშუალო წლიური ტემპერატურა 1°C-ით გაიზრდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საშუალო წლიური ტემპერატურა ჩვენს პლანეტაზე 1850-1900 წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს მინიმუმ 1 °C-ით გადააჭარბებს, ხოლო იმის ალბათობა, რომ ამ ხუთიდან ერთი წელს მაინც ტემპერატურა პრეინდუსტრიული ეპოქის საშუალო მაჩვენებლებზე 1.5 °C-ით მაღალი იქნება, 20 პროცენტს უდრის. 

► ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

გაეროს ამ სპეციალიზებული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის პარიზის შეთანხმების შესრულებას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1.5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში დაწესებული კარანტინის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისია შემცირდა, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია კვლავაც მაღალია, რაც კლიმატის ცვლილებას განაპირობებს.

ლოს გლასიარესის ეროვნული პარკი არგენტინაში.

მეტეოროლოგთა ხელთ არსებული მონაცემებით, ბოლო 5 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელ პერიოდად მიიჩნევა. ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. 2020-2024 წლებში საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში 0.91-დან 1.59 °C-მდე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 1850-1900 წლებში. ამის მიუხედავად, მხოლოდ 3 პროცენტია იმის შესაძლებლობა, რომ ტემპერატურის 1.5 °C-ით მატება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდება.

პროგნოზის მიხედვით, 1981-2010 წლებთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება თითქმის ყველა რეგიონში, სამხრეთის ოკეანის რამდენიმე ნაწილის გარდა. ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში შტორმების გახშირებას შეუწყობს ხელს, მაღალ განედებზე განლაგებულ რეგიონებში კი უხვი ატმოსფერული ნალექია მოსალოდნელი.

ამასთანავე, 2020 წელს სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის ბევრ რეგიონში წინა წლებთან შედარებით უნალექო ამინდები იქნება, არქტიკაში კი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტად დათბება. მეტეოროლოგთა თქმით, მსგავსი ცვლილებები ყველაზე ნაკლებად ტროპიკებსა და სამხრეთ ნახევარსფეროს საშუალო განედებზე მდებარე რეგიონებს ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები