Thumbnail

ილონ მასკი ადამიანის ტვინში ჩიპის ჩადგმის შესახებ სიახლეებს აანონსებს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში 28 აგვისტოს თავისი კიდევ ერთი სტარტაპის, Neuralink-ის შესახებ მნიშვნელოვანი სიახლეების გავრცელებას აანონსებს.

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ.

Neuralink-ში მომუშავე მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

► ილონ მასკი: Tesla-ს ელექტრომობილები მალე მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას

ტექნოლოგია ფართო საზოგადოებას 2019 წელს წარუდგინეს. პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ კომპანია სპეციალური N1 ჩიპის შექმნაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ ადამიანის ტვინში ოთხ ასეთ ჩიპს ჩადგამენ, რომელთაგან სამი მოტორიკაზე, ერთი კი სხეულის მიერ გარე გამაღიზიანებლების შეგრძნებაზე პასუხისმგებელ არეში განთავსდება. თითოეული თმაზე თხელი ელექტროდებით იქნება აღჭურვილი, რომლებიც ტვინში ლაზერული სიზუსტით სპეციალური აპარატით ჩაინერგება. მათი საშუალებით ნეირონების სტიმულაცია მოხდება.

ფოტო: Neuralink

"ჩვენ თავის ქალის პატარა ნაწილს ამოვჭრით და იქ სპეციალურ მოწყობილობას ჩავაყენებთ, რის შემდეგაც ელექტროდებს ტვინს დავუკავშირებთ. ის ტვინის სხვადასხვა ნაწილთან ურთიერთქმედებას შეძლებს და ადამიანებს დაკარგული ფუნქციების აღდგენაში დაეხმარება", - განაცხადა ილონ მასკმა ჯო როგანის პოდკასტში სტუმრობისას. 

ჩიპი უკვე წარმატებით გამოსცადეს თაგვსა და მაიმუნზე. ჩატარებულ ექსპერიმენტში კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ილონ მასკის თქმით, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა, მომავალში ამ ტექნოლოგიამ ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის სიმბიოზი უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები