Thumbnail

ნახეთ: შრი ლანკაში ტყუპი სპლიყვები გადაიღეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შრი ლანკაში მდებარე ქალაქ კოლომბოდან დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, მინერიის ეროვნულ პარკში, ტყუპი სპილოები დააფიქსირეს. ადგილობრივი ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში მსგავსი ფაქტი პირველად აღინიშნა.

პარკის ტერიტორიაზე მობინადრე სპილოების ჯგუფს რეინჯერები რამდენიმე დღის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს. სწორედ ამ დროს შენიშნეს ორი სპლიყვი, რომელიც ერთი ზრდასრული ინდივიდის რძით იკვებებოდა. მსგავსი რამ, შესაძლოა, მაშინაც მოხდეს, როდესაც პატარებს სხვადასხვა დედა ჰყავს, თუმცა ინტენსიურმა დაკვირვებამ სპეციალისტები დაარწმუნა, რომ საქმე ნამდვილად იშვიათ მოვლენასთან ჰქონდათ.

შრი ლანკაში დაბადებული ტყუპი სპილოები. ფოტო: AFP

მინერიის ეროვნული პარკის წარმომადგენელთა თქმით, სპლიყვები სამყაროს 3-4 კვირის წინ მოევლინენ და ახლა ორივეს უსაფრთხოებაზე სპეციალური სამსახური ზრუნავს. შრი-ლანკის ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტი კი სპეციალისტების ვარაუდის დასადასტურებლად მათ დნმ-ს იკვლევს.  

ამ ძუძუმწოვრებში ტყუპების გაჩენის ალბათობა მხოლოდ 1 პროცენტია და, როგორც წესი, ორიდან ერთი ახალშობილი გადარჩენას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ პატარები დედებზე არიან დამოკიდებული, დღეში 11.4 ლიტრ რძეს სვამენ და მცენარეების ჭამას საკმაოდ გვიან იწყებენ. სწორედ ამიტომ, ხშირად მშობელს ორივეს გამოკვება უჭირს, რაც ფატალურად სრულდება.

​​​​​​​

კომენტარები

ბოლო ამბები