Thumbnail

ნახეთ: აუქციონზე ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტი იყიდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე სააუქციონო სახლი Hansons Auctioneers მსურველებს ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტის შეძენას სთავაზობს.

იარაღების შესანახი სპეციალური ყუთი შიგნიდან ხავერდითაა დაფარული, თავსახური კი სისხლისფერი აბრეშუმის სარჩულით აქვს გაფორმებული. მის ზედაპირზე ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის სცენის ამსახველი ოვალური ფორმის მინანქარია დატანილი, გვერდით კი სპილოს ძვალში ამოკვეთილი, კაპიუშონიანი მანტიით შემოსილი მგელი, რომელსაც კრიალოსანი უჭირავს.

ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტი

ფოტო: Hansons Auctioneers

ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტი

ფოტო: Hansons Auctioneers

ვამპირების მოსაგერიებელი ნივთების კომპლექტი

ფოტო: Hansons Auctioneers

ვამპირების მოსაგერიებლად საჭირო ნივთებს შორის არის ჯიბის პისტოლეტი, სადაფისტარიანი დანა ვერცხლის პირით, რამდენიმე ბრტყელტუჩა, 3 ჯვარცმა და კრიალოსნები. ასევე, უცნობი სითხით სავსე ცისფერი ფლაკონი და გამჭვირვალე შუშის პატარა ბოთლები, რომელთაგან ერთში ზვიგენის კბილები ინახება. ყუთის შიგთავსიდან აღსანიშნავია აგრეთვე 1842 წელს გამოცემული ინგლისურენოვანი ახალი აღთქმა.

უჩვეულო დანიშნულების მქონე ნაკრები ერთ-ერთმა ბრიტანელმა კოლექციონერმა სამი წლის წინ ნოტინგემშირში გამართულ ანტიკვარული ნივთების ბაზრობაზე შეიძინა, ახლა კი ის ახალ მფლობელს ელის. Hansons Auctioneers-ის თაოსნობით ჩატარებულ აუქციონზე, რომელიც 16-დან 21 ივლისამდე გაგრძელდება, მისი ყიდვა 2-დან 3 ათასამდე გირვანქა სტერლინგად იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები