Thumbnail

ამ მოწყობილობით თითქმის ყველა ავტომანქანის კარს გააღებთ

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ბულგარული კომპანია SOS AutoKeys ყიდის მოწყობილობას, რომელიც დისტანციური გასაღების მქონე თითქმის ყველა ავტომანქანის საკეტს აღებს. მას მიზანში ამოღებული სატრანსპორტო საშუალებიდან მომავალი სიგნალის მიღება და საპასუხო ბრძანების დაბრუნება შეუძლია, რისი მეშვეობითაც რამდენიმე წამში სასურველ მანქანაში აღმოჩნდებით. მოწყობილობა ძალიან ჰგავს Nintendo-ს სათამაშო კონსოლს Game Boy, თუმცა უწყინარი დიზაინის მიუხედავად, ის კრიმინალებისთვის იდეალური დამხმარე აქსესუარია.

► ნახეთ: Sony-მ მაისურის ჯიბეში მოსათავსებელი კონდიციონერი გამოუშვა

მსგავსი მოწყობილობებით დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები აქამდეც სარგებლობდნენ. რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანან ქურდები, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილს სწორედ ამ ხერხით იპარავენ. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კადრებში ნაჩვენებ შემთხვევაში მანქანის დისტანციურ გასაღებთან კავშირის დამყარებაა საჭირო, რისთვისაც კრიმინალები დამატებით გამტარს იყენებენ, ახალი მოწყობილობა კი ამის გარეშეც მუშაობს და ავტომანქანის კარის გასაღებად საჭირო ინფორმაციას თვითონვე აგენერირებს. 

 

ახალი გამოწვევის საპასუხოდ, Tesla-მ ელექტრომობილების მფლობელებს დამატებით ოთხციფრიანი პაროლის დაყენების საშუალება მისცა, რომლის გარეშეც ელექტრომობილის დაქოქვა შეუძლებელია.

SOS AutoKeys-ის მესვეურები აცხადებენ, რომ არ სურთ, მათი პროდუქტი დამნაშავეთა ხელში აღმოჩნდეს, თუმცა კომპანიის წესები კლიენტების წარსულის შემოწმებას არ ითვალისწინებს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ, მოწყობილობა მწარმოებლის საიტზე აღარ იძებნება. ვიდეომასალა გამქრალია კომპანიის ოფიციალური YouTube არხიდანაც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა ეს და საბოლოოდ შეწყდა თუ არა მოწყობილობის გაყიდვები. 

კომენტარები

ბოლო ამბები