Thumbnail

ნახეთ: ჩინეთი ძლიერ წყალდიდობას ებრძვის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

რამდენიმეკვირიანმა კოკისპირულმა წვიმამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ქვეყნის მასშტაბით 38 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

ჩინეთის ტერიტორიაზე სულ 443 მდინარე ადიდდა, 33-ის შემთხვევაში კი წყლის დონემ რეკორდულად მოიმატა. ამის გარდა, ნაპირებიდან გადმოხეთქა იანძის აუზში მდებარე დუნტინხუს ტბამ, ხოლო პოიანხუს წყალსატევში წყლის დონემ საგანგაშო ზღვარს 2.5 მეტრით გადააჭარბა. საბოლოოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემავალი 31 პროვინციიდან 27 დაიტბორა. შედეგად, მხოლოდ ივლისის თვეში საცხოვრებელი ადგილებიდან 14 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში

ფოტო: AFP

ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში

ფოტო: CNN

ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში

ფოტო: RTE

ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში

ფოტო: CNN

ძლიერი წყალდიდობა ჩინეთში

ფოტო: AFP

ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელი უხვი ატმოსფერული ნალექის გამო, ჩინეთს მსგავს წყალდიდობებთან გამკლავება ყოველწლიურად უწევს, თუმცა წელს ეს სტიქიური მოვლენა მოსახლეობისთვის განსაკუთრებულად მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს, Xinhua-ს ცნობით, მის მიერ მიყენებული საერთო ზარალი 82.23 მილიარდ იუანს გაუტოლდა. ივნისიდან მოყოლებული დღემდე, დაკარგულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 141-ს მიაღწია. განადგურდა ვრცელ ფართობზე გადაჭიმული სამეურნეო ნაკვეთები და მილიონობით საცხოვრებელი სახლი. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ზოგიერთი ქალაქის დიდი ნაწილიც.

ჩინეთის ხელისუფლებამ დაზიანებული ჯებირების აღსადგენად და წყლის ნაკადის შესაჩერებლად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მრავალრიცხოვანი დამხმარე ძალა გააგზავნა და უსაფრთხოების აუცილებელი ზომებიც მიიღო, თუმცა სპეციალისტთა ვარაუდით, უახლოეს მომავალში ძლიერი წვიმები ისევ გაგრძელდება, რაც სტიქიასთან ბრძოლას საგრძნობლად გაართულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები