Thumbnail

ნახეთ: არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე კოსმოსური აპარატი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსისკენ პირველი კოსმოსური აპარატი გაუშვა. ხელოვნური თანამგზავრი სახელად Hope იაპონიაში მდებარე ტანეგასიმას კოსმოსური ცენტრიდან კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ის მიერ შექმნილი რაკეტით H-2A გაგზავნეს, რომელსაც ის აფრენიდან ერთ საათში ჩამოშორდა, რის შემდეგაც წითელი პლანეტისკენ სვლა დამოუკიდებლად განაგრძო.

მარსზე გადაღებული 7 უცნაური და საიდუმლოებით მოცული ფოტოსურათი

აპარატმა სულ 500 მილიონი კილომეტრი უნდა გაიაროს, რასაც 7 თვე დასჭირდება. ამის შემდეგ ის წითელი პლანეტის ორბიტამდე მიაღწევს და იქ დედამიწის დროით დაახლოებით ორ, მარსის დროით კი - ერთ წელს დაჰყოფს. კოსმოსური ზონდი დანიშნულების ადგილზე 2021 წლის დასაწყისში მივა, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის სიმბოლური თარიღია - სწორედ ამ დროს მონარქიულ სახელმწიფოს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება.

 

ხელოვნური თანამგზავრი მარსის ეკვატორულ ორბიტაზე იმოძრავებს, რაც მას არა მხოლოდ პლანეტის ატმოსფეროს უკეთ შესწავლის, არამედ მის ნებისმიერ წერტილში ამინდის ცვლილებაზე მუდმივი დაკვირვების საშუალებას მისცემს. კოსმოსური აპარატის ბორტზე არსებული კამერითა და ორი სპექტრომეტრით მარსის ზედაპირის ამსახველი დეტალური ფოტოსურათების მოპოვება და მისი ატმოსფეროს შემადგენლობის ზუსტად დადგენა იქნება შესაძლებელი.

ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ეს პირველი პლანეტათაშორისი კვლევაა. ისტორიული მისია ქვეყნის ხელისუფლებას 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. მისი მიზანი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისება და განვითარებაა, რათა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ სახელმწიფოს ეკონომიკაში საკუთარი წვლილი ნავთობის მოპოვების გარდა აღნიშნულმა სექტორებმაც შეიტანონ.

კომენტარები

ბოლო ამბები