Thumbnail

ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი COVID-19-ის ვაქცინა წარმატებით გამოცადეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტისა და ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ადამიანებზე ჩატარებული ცდის პირველ ეტაპზე სასურველი იმუნური რეაქცია გამოიწვია. ოფიციალური ანგარიში, რომელშიც ტესტირების დამაიმედებელ შედეგებზეა საუბარი, ავტორიტეტულ სამედიცინო გამოცემაში The Lancet გამოქვეყნდა.

პირველი ადამიანი, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთა, თავს კარგად გრძნობს

კვლევის ფარგლებში AZD1222-ის სახელით ცნობილი ექსპერიმენტული პრეპარატი 18-დან 55 წლამდე ასაკის 1077 ჯანმრთელი მოხალისის ორგანიზმში შეიყვანეს. შედეგად, ინიექციიდან ორ კვირაში მათ ანტიგენის ამოცნობისა და განადგურების უნარის მქონე უჯრედები, T ლიმფოციტები გამოიმუშავეს, 28 დღის შემდეგ კი - ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. ამის გარდა, იმ 10 ადამიანის შემთხვევაში, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო, უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია გამოვლინდა. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ცდისპირებს მხოლოდ თავისა და კუნთების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ციება და დაღლილობა აღენიშნათ. მედიკოსების განცხადებით, ჩამოთვლილი სიმპტომების უმეტესობა მედიკამენტ პარაცეტამოლის დახმარებით გაქრა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი. ფოტო: Ian Vogler

"ეს ძალიან კარგი სიახლეა. მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობენ, საქმეს თავი შესანიშნავად გაართვეს. გარანტიებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან შემდგომი ცდების ჩატარებაა აუცილებელი, თუმცა ეს სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ვკითხულობთ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ედვერდ ჯენერის ინსტიტუტი უახლოეს მომავალში ტესტირების მომდევნო ეტაპების განხორციელებას აპირებს, რომელშიც არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მოსახლეობა, არამედ სამხრეთ აფრიკის 2 ათასი, აშშ-ის 30 ათასი და ბრაზილიის 5 ათასი მოქალაქე ჩაერთვება. კომპანია AstraZeneca-ს წარმომადგენელთა თქმით, AZD1222-ის წარმოების დაწყება სექტემბრისთვის იგეგმება და კვლევის სწრაფად დასრულების შემთხვევაში, მის გამოყენებას მიმდინარე წელსვე შევძლებთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანიები Inovio და Moderna, რომელთა პრეპარატებიც ასევე გამოცდის ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები