Thumbnail

ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის პლანეტური სისტემა ფოტოზე აღბეჭდეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ასტრონომებმა ჩილეში განლაგებული ტელესკოპის VLT მეშვეობით ისტორიაში პირველად მზის მსგავსი ვარსკვლავი მის ორბიტაზე მოძრავ ორ პლანეტასთან ერთად ფოტოზე აღბეჭდეს. ლა-სილიის ობსერვატორიის სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს პლანეტური სისტემა დედამიწიდან 300 სინათლის წლით არის დაშორებული.

ასტრონომებმა დედამიწასთან ახლოს ახალი პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს

ვარსკვლავი სახელწოდებით TYC 8998-760-1 ევოლუციის ძალზე ადრეულ სტადიაშია და მხოლოდ 17 მილიონი წლის გახლავთ. შედარებისთვის, ჩვენი მზე უკვე 4,6 მილიარდი წელია არსებობს. რაც შეეხება ეგზოპლანეტებს, ერთ-ერთის მასა იუპიტერისას 14-ჯერ აღემატება, მეორის კი - 6-ჯერ.

ისრებით მონიშნული მანათობელი წერტილები მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი გიგანტური პლანეტებია, დანარჩენი წერტილები კი ამ პლანეტური სისტემის მიღმა არსებული ვარსკვლავები. ფოტო: ESO

ამ აღმოჩენისთვის სპეციალისტებმა კორონოგრაფი გამოიყენეს - მოწყობილობა, რომლის მთავარი დანიშნულებაც დასაკვირვებელი პლანეტის მასპინძელი ვარსკვლავიდან წამოსული სინათლის დაბლოკვაა, რაც ციური სხეულის უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა პლანეტები უფრო მეტ სიმხურვალეს გამოსცემენ, რისი მეშვეობითაც მათი დაფიქსირება მარტივდება.

ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი 6 მილიარდი პლანეტა არსებობდეს

სამწუხაროდ, აღნიშნული პლანეტური სისტემის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. არ არის გამორიცხული ისიც, რომ მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე ორი გაზის გიგანტის გარდა სხვა პლანეტებიც მოძრაობდნენ. უახლოეს მომავალში ამ ციური სხეულების შესასწავლად უფრო დიდი და მძლავრი ტელესკოპების გამოყენება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებისგან სიახლეებს უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები