Thumbnail

ნახეთ: ჩინეთმა მარსზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთმა Tianwen-1-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში მარსზე კოსმოსური ხომალდი გაუშვა. ქალაქ ვენჩანში მდებარე კოსმოდრომიდან ტექნოლოგიური კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი რაკეტა Long March 5 აფრინდა, რომლითაც წითელი პლანეტისკენ რამდენიმე მოწყობილობისგან შემდგარი კოსმოსური აპარატი გაგზავნეს.

ჩინეთი ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობას გეგმავს

ხომალდი დანიშნულების ადგილამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. გეგმის მიხედვით, 2-3 თვის შემდეგ მას დასაჯდომი მოდულისა და მარსმავლის წყვილი გამოეყოფა, რომელიც ციური სხეულის ზედაპირზე დაეშვება და იქ მარსის დროით 90 დღეს დაჰყოფს. რაც შეეხება ორბიტერს, ის პლანეტის გარშემო, ელიფსურ წრეზე იმოძრავებს, ერთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევებს განახორციელებს და მოპოვებულ ინფორმაციას დედამიწას გადმოსცემს.

ჩინეთის მიერ წითელ პლანეტაზე გაგზავნილი კოსმოსური ხომალდი ორბიტერს, დასაჯდომ მოდულსა და მარსმავალს აერთიანებს. ფოტო: Nature Astronomy

მისიის მთავარი მიზანი წითელი პლანეტის გეოლოგიური აგებულების, წყლის ყინულის, ნიადაგისა და მისი შემადგენელი ნივთიერებების შესწავლა, იონოსფეროზე დაკვირვება, კლიმატისა და ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველის ანალიზია. ამისთვის ხომალდი 13 ხელსაწყოთია აღჭურვილი, რომელთაგან 6 მზის ენერგიაზე მომუშავე მარსმავალზე, ხოლო 7 - ორბიტერზეა დამონტაჟებული.

ნახეთ: არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე კოსმოსური აპარატი გაუშვა

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უკვე მეორე ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე თვეში მარსზე საკუთარი კოსმოსური აპარატი გაუშვა. ამ მოვლენას წინ არაბთა გაერთიანებული საამიროების ისტორიული მისია HOPE უსწრებდა, უახლოეს მომავალში კი კიდევ ერთი მსგავსი ფრენა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულ სააგენტოსაც (NASA) აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები