Thumbnail

Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა სექტემბერში იგეგმება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) განცხადებით, კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon მეორე ეკიპაჟიანი ფრენა, რომელიც 30 აგვისტოსთვის იყო ჩანიშნული, სექტემბრის ბოლოს განხორციელდება.

► კოსმოსურ ხომალდ Starship-ის პირველი საცდელი ფრენა მიმდინარე კვირაში იგეგმება

Crew-1-ის სახელით ცნობილ 6-თვიან მისიაში მონაწილეობას ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ. Crew Dragon-ს ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ, რის შემდეგაც კაფსულა ეკიპაჟის წევრებს ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიიყვანს. 

მისიაში Crew-1 მონაწილე ასტრონავტები კოსმოსურ ხომალდში Crew Dragon. ფოტო: SpaceX

სექტემბერში დაგეგმილ გაშვებამდე კომპანიის მთავარი ამოცანა ისტორიული მისიის Demo-2 წარმატებით დასრულებაა. მიმდინარე წლის მაისიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი NASA-ს ასტრონავტები - რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი 2 აგვისტოს Crew Dragon-ით დედამიწაზე უნდა დაბრუნდნენ. ეს სპეციალისტებს კოსმოსური ხომალდის შესაძლებლობების შეფასებასა და მომდევნო ფრენის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ კაფსულამ ბოლო ორი თვის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდა გაიარა, ბოლო ეტაპი კი ორბიტიდან გასვლას, დედამიწის ატმოსფეროში შეღწევასა და ოკეანის ზედაპირზე უსაფრთხო დაშვებას ითვალისწინებს.

► ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსში სამხრეთ კორეის სამხედრო თანამგზავრი გაუშვა

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. დღემდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა. SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები