Thumbnail

ნახეთ: იუპიტერის მთვარის ჩრდილოეთ პოლუსი, სადაც პლაზმის წვიმა მოდის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) იუპიტერის თანამგზავრის, განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. პლანეტის ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ ხომალდ "ჯუნოზე" დამონტაჟებული სპექტრომეტრის მიერ დაფიქსირებული ინფრაწითელი გამოსახულება პირველად გვიჩვენებს იმ რეგიონს, სადაც მუდმივად პლაზმის წვიმა მოდის.

► აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის

განიმედე ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი მთვარეა, რომელიც ზომით პლანეტა მერკურისაც კი აღემატება. ის სილიკატის მინერალებისა და წყლის ყინულისგან შედგება, რომელიც თანამგზავრის სიღრმეში მდებარე ოკეანეს ფარავს. განიმედეს თხევად რკინის ბირთვში მიმდინარე პროცესებმა მის გარშემო მაგნიტური ველის წარმოქმნას შეუწყო ხელი, რომელიც კოსმოსიდან მომავალი რადიაციის გამტარია. დედამიწაზე მზისგან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ, რის შედეგადაც ცაზე შთამბეჭდავი სანახაობა, პოლარული ციალი ჩნდება. განიმედეს ამგვარი დამცავი გარსი არ აქვს, ამიტომ პლაზმა პირდაპირ ციური სხეულის ზედაპირზე ხვდება და მის  დაზიანებას იწვევს.

განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსი

ფოტო:  NASA/JPL-Caltech/SwRI/ASI/INAF/JIRAM

განიმედეს ჩრდილოეთ პოლუსი

ფოტო:  NASA/JPL-Caltech/SwRI/ASI/INAF/JIRAM

ახალი ფოტოსურათების შესწავლისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზემოხსენებული მოვლენის გამო მთვარის ჩრდილოეთ პოლუსის გასწვრივ არსებული ყინულის სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა დარღვეული. როგორც წესი, კრისტალის მოლეკულები თანაზომიერად, ერთმანეთისგან შორს უნდა იყვნენ განლაგებული, მაგრამ პლაზმის გავლენით ისინი ახლო-ახლო და ქაოტურად ლაგდებიან, რასაც ფიზიკაში ამორფულობა ეწოდება. მკვლევრების აზრით, ეს ფენომენი თანამგზავრის იუპიტერთან ახლო მანძილზე მდებარეობას უნდა მივაწეროთ, რადგან პლანეტისგან ის უმძლავრეს რადიაციულ ტალღებს იღებს, რომელთაც განიმედეს მაგნიტური ველი პოლუსებისკენ მიმართავს.

► მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიქმნება ალმასების წვიმა ნეპტუნსა და ურანზე

მეცნიერები ამ უჩვეულო ციური სხეულის უკეთ შესწავლას აპირებენ, თუმცა ამისთვის მხოლოდ "ჯუნოს" მიერ შეგროვებული მონაცემები საკმარისი არ იქნება. მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ისინი იმედს ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდზე JUICE ამყარებენ, რომლის გაშვებაც 2022 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები