Thumbnail

ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის სოკო ასტრონავტებს რადიაციისგან დაიცავს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ჯონს ჰოპკინსისა და სტენფორდის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევის ფარგლებში, მეცნიერები მარსზე დაგეგმილი მისიების დროს ასტრონავტების მავნე რადიოაქტიული გამოსხივებისგან დაცვის ახალ მეთოდზე მუშაობენ. ამისთვის ისინი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებისას განადგურებულ ბირთვულ რეაქტორთან გავრცელებული სოკოს Cladosporium sphaerospermum გამოყენებას აპირებენ, რომელიც რადიაციით იკვებება.

მკვლევრებმა მისი ნიმუში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს, სადაც შესაბამისი ექსპერიმენტები ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 1,7 მილიმეტრი სისქის სოკოს მიღებული რადიაციის 2 პროცენტის შთანთქმა და მისგან ქიმიური ენერგიის სინთეზირება შეუძლია. ეს ასტრონავტების დასაცავად, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ 21 სანტიმეტრი სისქის ფენა კოსმოსური მისიების მონაწილეთა უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს.

ჩერნობილის ბირთვული რეაქტორის სიახლოვეს მზარდი სოკოს ნიმუშს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ. ფოტო: Medmyco

Cladosporium sphaerospermum სწრაფად მრავლდება, ამიტომ მარსისკენ მიმავალი კოსმოსური ხომალდით მისი მხოლოდ მცირე რაოდენობით წაღება იქნება შესაძლებელი. თუმცა, უკვე წითელ პლანეტაზე ის სპეციალურ კონსტრუქციაზე გაიზრდება, რამაც, შესაძლოა, რადიაციისგან დამცავი ფარის შექმნა უზრუნველყოს. მეცნიერები აცხადებენ, რომ სოკოს გამოყენება ასტრონავტების ჰერმეტული კოსტიუმების ქსოვილშიც შეიძლება. მას რეგენერაციის უნარი ექნება და დაზიანებული ადგილი ძლიერი რადიაციული ველის პირობებშიც კი მალევე აღდგება.

ასტრონავტების რადიაციისგან დაცვა მარსის მისიის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. სპეციალისტების გამოთვლებით, წითელი პლანეტისკენ ფრენისას ეკიპაჟის თითოეული წევრი 600 ზივერტის ოდენობის მაიონებელ გამოსხივებას მიიღებს, რაც მათ მიერ მთელი კარიერის განმავლობაში მისაღები დოზის 60 პროცენტია. ეს კი კიბოს, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მწვავე პრობლემების წარმოქმნის ალბათობას ძალიან ზრდის.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ლითონით იკვებება

ქალაქ პრიპიატთან განლაგებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება 1986 წლის 26 აპრილით თარიღდება. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფის შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე ათასიდან რამდენიმე ათეულ ათასამდე ადამიანი დაიღუპა. რადიაციის გამო ევაკუირებული იქნა 200 ათასზე მეტი ადამიანი. ავარიის ადგილის გარშემო 30-კილომეტრიანი ზონა კი დღემდე დაუსახლებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები