Thumbnail

ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით დაავადების პირველი სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩრდილოეთ კორეაში, ჰუანხე-პუქტოს პროვინციაში მდებარე ქალაქ კესონში COVID-19-ით დაავადების სავარაუდო შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სახელმწიფოს ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა იქ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მომხდარის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო KCNA იუწყება.

ჩრდილოეთ კორეაში კარანტინის დარღვევის გამო მაღალჩინოსანი სიკვდილით დასაჯეს

მედიის ცნობით, COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა პიროვნებას, რომელმაც ქვეყანა სამი წლის წინ დატოვა და თავი სამხრეთ კორეას შეაფარა, თუმცა 19 ივლისს გაურკვეველი მიზეზის გამო უკან დაბრუნდა, საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და კესონში შეაღწია. მედიკოსთა ეჭვი პაციენტის ცხვირის ნაცხისა და სისხლის ანალიზების შედეგებმა გამოიწვია. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, ეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ოფიციალურად აღიარებული შემთხვევა იქნება.

ქალაქ კესონში, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საზღვართან ახლოს მდებარეობს ს, 200 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

კიმ ჩენ ინმა სიტუაციას კრიტიკული უწოდა და პოლიტბიუროს საგანგებო შეხვედრა დანიშნა, რომელზეც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შედეგად, მთელი ქალაქი ჩაიკეტა. იზოლაციაში მოაქციეს სავარაუდო ინფიცირებული, მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები და ყველა ის პიროვნება, რომელიც ბოლო 5 დღის განმავლობაში კესონში ჩავიდა.

მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ შეძლო პაციენტმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საზღვრის შეუმჩნევლად გადაკვეთა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა უფლებამოსილი პირი უმკაცრესად დაისჯება. სპეციალისტები კი შიშობენ, რომ დაავადების გავრცელების შემთხვევაში, ქვეყნის გაუმართავი ჯანდაცვის სისტემა მოსალოდნელ ეპიდემიას სათანადოდ ვერ გაუმკლავდება.

კომენტარები

ბოლო ამბები