Thumbnail

NASA სტრატოსფეროში სტადიონის ზომის საჰაერო ბურთს გაუშვებს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) მკვლევრები ახალდაბადებულ ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად გიგანტური საჰაერო ბურთის გამოყენებას გეგმავენ. მისია სახელწოდებით ASTHROS, სავარაუდოდ, 2023 წლის დეკემბერში შედგება.

შორეულ გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავი უკვალოდ გაუჩინარდა

გაშვების შემდეგ 122 მეტრი სიგანის საჰაერო ბურთი სამი კვირის განმავლობაში ანტარქტიკის თავზე დაახლოებით 40 კილომეტრის სიმაღლეზე იმოძრავებს, რაც სამგზავრო თვითმფრინავების ფრენის სიმაღლეს თითქმის ოთხჯერ აღემატება. მასზე ასტროფიზიკური სტრატოსფერული ტელესკოპი იქნება დამონტაჟებული, რომელიც სუბმილიმეტრულ ტალღებზე მაღალი სპექტრული გარჩევადობით დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი. ამ ხელსაწყოს საშუალებით მეცნიერები ახალდაბადებული ვარსკვლავებიდან წამოსულ შორ ინფრაწითელ გამოსხივებას დააფიქსირებენ, რომელსაც დედამიწის ატმოსფერო ბლოკავს, რის გამოც ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან მისი აღქმა საკმაოდ რთულია.

ასე გამოიყურება სტრატოსფერული ბურთის გაშვების პროცესი. წყარო: NASA

კვლევის მიზანი ახალდაბადებული ვარსკვლავების გარშემო არსებული აირის ღრუბლების სიჩქარისა და ტრაექტორიის გამოთვლა, მათი მოძრაობის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა და ციური სხეულის ფორმირებაზე ზეგავლენის შესწავლაა. ფეხბურთის სტადიონის ზომის საჰაერო ბურთი სტრატოსფეროში ქარების ხარჯზე გადაადგილდება, მისიის დასრულების შემდეგ კი აეროსტატს ტელესკოპიანი გონდოლა ჩამოშორდება და განმეორებითი გამოყენებისთვის პარაშუტით დედამიწაზე დაბრუნდება.

იმის მიუხედავად, რომ საჰაერო ბურთები მოძველებულ ტექნოლოგიად მიიჩნევა, NASA მათ საკუთარი სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის ამ დრომდე აქტიურად იყენებს. სპეციალისტების თქმით, მაღალი რისკების მიუხედავად, აეროსტატის სტრატოსფეროში აფრენა რაკეტის გაშვებაზე გაცილებით იაფი ჯდება და ხანგრძლივ მოსამზადებელ პერიოდსაც არ საჭიროებს.

კომენტარები

ბოლო ამბები