Thumbnail

მეცნიერთა თქმით, სოციალურ დისტანცირებას ხეებიც მიმართავენ

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

გარკვეული დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად სოციალურ დისტანცირებას ხეებიც მიმართავენ. ასე აღწერს ამერიკელი ბიოლოგი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია TREE Foundation-ის ხელმძღვანელი, მეგ ლომენი ზოგიერთი სახეობის მცენარისთვის დამახასიათებელ ფენომენს, რომელსაც "ვარჯის სიმორცხვეს" უწოდებენ.

ხშირ და დაბურულ ტყეებშიც კი მეზობლად მზარდი ხეების ვარჯი, ანუ მიწისზედა განშტოებული ნაწილი, ერთმანეთს არ ეხება და მათ შორის კარგად შესამჩნევი დისტანცია ჩნდება. ასეთ შემთხვევებს ევროპული მუხისა და ფიჭვის გავრცელების არეალებში, ასევე ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში ვხვდებით.

 

ამ ფენომენს ბევრი დადებითი მხარე აქვს. მზის სხივები ტყეში უფრო ადვილად აღწევს, რაც მთლიანი ეკოსისტემისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამასთანავე, დისტანცირება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკრობების გამრავლებასა და პარაზიტი მწერების სხვა მცენარეებზე გავრცელებას უშლის ხელს.

► მცენარეები ერთმანეთთან კომუნიკაციას ელექტრული სიგნალებით ამყარებენ

"ვარჯის სიმორცხვე" სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად დაახლოებით საუკუნის წინ აღწერეს, თუმცა მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით კონსენსუსი ჯერ კიდევ ვერ შედგა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამ მეთოდით მცენარეები ფოტოსინთეზისთვის აუცილებელი რესურსის, სინათლის უკეთ აკუმულირებას ახერხებენ. სხვა, უფრო გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად კი, ხეების ვარჯს შორის დაშორებას ქარი განაპირობებს, რომლის დროსაც მცენარეები ერთმანეთს ეჯახებიან და ტოტებს კარგავენ.

ამ მოსაზრებას მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე ბიოლოგების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ამყარებს, რომლის დროსაც რამდენიმე ხე ისე გაამაგრეს, რომ ქარი მათ ვეღარ ამოძრავებდა. ასეთ პირობებში ტოტებმა ზრდა და ვარჯებს შორის არსებული დისტანციის შევსება დაიწყეს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ "ვარჯის სიმორცხვე" მცენარეების მიერ ევოლუციის პროცესში შეძენილი უნარი იყოს, რომლის მეშვეობითაც ისინი მეზობლად მზარდ ხეებთან შეჯახებას არიდებენ თავს.

კომენტარები

ბოლო ამბები