Thumbnail

უძველესი სინათლის შესწავლით სამყაროს სავარაუდო ასაკი დაადგინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

უკვე რამდენიმე ათწლეულია, ჩვენი სამყაროს ასაკი ასტროფიზიკოსთა შორის დავის საგნად რჩება, უკანასკნელმა გამოთვლებმა კი ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა. მსოფლიოს 41 სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ერთობლივი ძალისხმევით ჩილეში, ატაკამის უდაბნოში განლაგებული კოსმოლოგიური ტელესკოპებით შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს და კოსმოსიდან მომავალი უძველესი სინათლე შეისწავლეს, რამაც მათ არა მხოლოდ სამყაროს ასაკის, არამედ მისი გაფართოების სიჩქარის დადგენის საშუალება მისცა.

► ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის პლანეტური სისტემა ფოტოზე აღბეჭდეს

მკვლევართა გამოთვლები დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილ გამოსხივებას - კოსმოსურ მიკროტალღურ ფონს ეფუძნება, რომელიც დრო-სივრცის დასაწყისს გვიჩვენებს. სწორედ მისმა შესწავლამ მისცა მეცნიერებს საშუალება ევარაუდათ, რომ სამყარო 13.77 მილიარდი წლისაა (± 40 მილიონი წელი). ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ დედამიწიდან 1 მეგაპარსეკის (3.26 სინათლის წელი) მანძილზე მდებარე ობიექტები წამში 67.6 კილომეტრით გვშორდებიან. გაფართოების ეს მაჩვენებელი, რომელიც ჰაბლის მუდმივას სახელითაა ცნობილი, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპის, Planck-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთანაა თანხვედრაში, რაც შესაძლოა, გამოთვლების სისწორეს ადასტურებდეს. 

ატაკამის კოსმოლოგიური ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული კოსმოსური მიკროტალღური ფონი. ფოტო: ACT Collaboration

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი გამოთვლებისთვის სპეციალისტები მხოლოდ ზემოხსენებულ ხერხს არ მიმართავენ და განსხვავებული მიდგომები მათ მიერ მიღებულ შედეგებზეც აისახება. კიდევ ერთი მეთოდი ჩვენ გარშემო მდებარე გალაქტიკებზე, კერძოდ კი იქ არსებული ვარსკვლავებისგან მომავალ პულსირებად სიგნალებზე დაკვირვებაა იმის დასადგენად, თუ რამდენად სწრაფად შორდებიან ისინი ირმის ნახტომს. თუმცა, ამ გზით განხორციელებულ კვლევას მეცნიერები სრულიად სხვა მაჩვენებლებამდე მიჰყავს.

► შორეულ გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავი უკვალოდ გაუჩინარდა

ეს შეუსაბამობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის, კოსმოსში მოქმედი ფიზიკის იმ კანონებით, რომლებიც ჩვენთვის ჯერ უცნობია და რეალური სურათის დანახვაში გვიშლის ხელს. მკვლევართა გუნდი ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში პრობლემის გადაჭრას მოახერხებს, რაც სამყაროს უკეთ გაცნობასა და მნიშვნელოვან კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები