Thumbnail

კომპანია Moderna-მ COVID-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპი დაიწყო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოცდის მესამე, ყველაზე ფართომასშტაბიან ეტაპზე გადაინაცვლა, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის 30 ათასი მოქალაქე მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება წარმატებით დასრულდება, mRNA-1273-ის სახელით ცნობილი პრეპარატი საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით განხორციელებად კვლევაში ქვეყნის 89 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები მოხალისეები ჩაერთვებიან. 28-დღიანი შუალედით, მათი ერთი ნაწილი ვაქცინის 2 დოზას, მეორე კი პლაცებოს მიიღებს. ამ მეთოდის დანიშნულება ექსპერიმენტის შედეგებზე ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარე გავლენის გამორიცხვაა, რომ მედიკამენტის ეფექტურობა მაქსიმალურად ობიექტურად დამტკიცდეს.

COVID-19-ით დაავადებულთა ანტისხეულები, შესაძლოა, სხვათა სამკურნალოდ გამოიყენონ

ფართომასშტაბიანი ტესტირების მეშვეობით მეცნიერები შეეცდებიან დაადგინონ, რამდენად კარგად დაიცავს ორგანიზმს კორონავირუსისგან აღნიშნული პრეპარატი და შეძლებს თუ არა ის მწვავედ განვითარებული დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ცდის საბოლოო შედეგები ნოემბრისთვის გახდება ცნობილი. mRNA-1273-ის ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, Moderna ყოველწლიურად საშუალოდ 500 მილიონ დოზას დაამზადებს, თუმცა გამორიცხული არაა, ეს რიცხვი 1 მილიარდამდე გაიზარდოს.

კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპის მონაწილეს ინიექციამდე სისხლის ანალიზს უღებენ. ფოტო: Hans Pennink

აღსანიშნავია, რომ ვაქცინამ ადამიანებზე ჩატარებული ცდის პირველ ეტაპზე სასურველი იმუნური რეაქცია გამოიწვია. ყველა ცდისპირის ორგანიზმმა გამოიმუშავა ანტისხეულები, რომელთაც უჯრედში კორონავირუსის შეღწევისა და მისი გამრავლების პროცესის შეჩერება შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ მოხალისეს ინფექციის გამანეიტრალებელი ცილები COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებზე მეტი რაოდენობით აღმოაჩნდა. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ცდისპირთა ნაწილს მხოლოდ დაღლილობა, ციება და თავის, კუნთებისა და ინიექციის არეში მსუბუქი ტკივილი აღენიშნა.

პირველი ადამიანი, რომელმაც COVID-19-ის ვაქცინა გაიკეთა, თავს კარგად გრძნობს

Moderna-ს გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანია Inovio და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტი, რომელთა პრეპარატებიც ასევე გამოცდის ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები