Thumbnail

Renault-მა ფრანგულ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს ელექტრომობილები დაურიგა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

მულტინაციონალურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Renault საფრანგეთში მდებარე არეჟის დეპარტამენტის პატარა სოფელ აპში მცხოვრებ ყველა ოჯახს ელექტრომობილი Zoe სამი წლის ვადით უფასოდ გადასცა. "რენოს" წარმომადგენელთა თქმით, ამ ნაბიჯით მათ იმის დამტკიცება სურთ, რომ ელექტრომობილები მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის არ არის განკუთვნილი და ამგვარი სატრანსპორტო საშუალებებით შეუფერხებლად სარგებლობა რეგიონებშიც შეიძლება.

"თუ ელექტრომობილით სარგებლობას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლების მაცხოვრებლები მიეჩვევიან, მაშინ მათი დანერგვა ყველგან შეიძლება. ეს ექსპერიმენტი ამ სატრანსპორტო საშუალების შესახებ გავრცელებულ უამრავ მითს დაანგრევს", - ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

საფრანგეთში მდებარე პატარა სოფელ აპში, სადაც "რენოს" ექსპერიმენტი ტარდება, სულ 30-მდე ადამიანი ცხოვრობს. ფოტო: Business Insider

კვლევების თანახმად, ელექტრომობილების ფართოდ გავრცელებას მათი დასამუხტი სადგურების ნაკლებობა უშლის ხელს. სწორედ ამიტომ, "რენომ" ოჯახებს მანქანებთან ერთად სახლის დამტენებიც გადასცა და მალე სოფელში სადგურსაც დაამონტაჟებს.

სამი წლის განმავლობაში ელექტრომობილით უფასოდ სარგებლობის სანაცვლოდ, სოფელ აპის მაცხოვრებლებს მხოლოდ მის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებების ავტომწარმოებელი კომპანიისთვის გაზიარება ევალებათ. იმის მიუხედავად, რომ ეს დასახლებული პუნქტი რეგიონული ცენტრებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს, "რენოს" წარმომადგენელთა მოსაზრებით, Zoe-თი გადაადგილება მაინც მოსახერხებელი იქნება, ვინაიდან მას სრულად დამუხტვის შემთხვევაში 400 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

კორონავირუსის პანდემიის გამო Tesla-ს ელექტრომობილები გაიაფდა

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ელექტრომობილების შეძენა სულ უფრო და უფრო მარტივდება. სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობებმა ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებლებისა და მომხმარებლების აქტიური სუბსიდირება დაიწყეს. ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებულ ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომანქანას ელექტრომობილით ჩაანაცვლებენ, 6-დან 9 ათას ევრომდე თანხას მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები