Thumbnail

პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენის უმსხვილეს დასახლებულ პუნქტსა და ადმინისტრაციულ ცენტრ ლონგირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 21.7°C დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნორვეგიის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა გაავრცელა.

ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ჰაერის ტემპერატურამ კუნძულზე 26 ივლისის ნაშუადღევს მოიმატა და 1979 წლის 16 ივლისით დათარიღებულ რეკორდულ მაჩვენებელს 0.4°C-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ მომხდარს ზედიზედ ორი დღის განმავლობაში არანაკლები სიცხე, 21.2°C უძღოდა წინ. სპეციალისტთა განცხადებით, რეგიონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.

შპიცბერგენის ადმინისტრაციული ცენტრი ლონგირი, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ფოტო: Aleksandr Lutcenko

მკვლევართა დაკვირვებით, გლობალური დათბობა არქტიკაში, ჩვენი პლანეტის სხვა რეგიონებთან შედარებით, ორჯერ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გამონაკლისს არ წარმოადგენს შპიცბერგენის არქიპელაგიც, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული. ნორვეგიის შემადგენლობაში შემავალი ამ კუნძულებისთვის სეზონური ციკლისთვის დამახასიათებელი ამინდის ცვლილება უცხო არაა, თუმცა ტემპერატურის დაფიქსირებული მაჩვენებლები საგანგაშო ტენდენციას გამოკვეთს.

მომდევნო 5 წელიწადში საშუალო წლიური ტემპერატურა 1°C-ით გაიზრდება

ნორვეგიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2070-დან 2100 წლამდე დროის პერიოდში შპიცბერგენის არქიპელაგზე საშუალო ტემპერატურა, ატმოსფეროში მავნე აირების კონცენტრაციის ზრდის პარალელურად, 7-10°C-ით მოიმატებს. თუ კლიმატის ცვლილება უახლოეს მომავალშიც ამგვარი ტემპით გაგრძელდება, მეცნიერები 2050 წლისთვის არქტიკაში ზაფხულობით ყინული სრულად დადნობას პროგნოზირებენ, რაც არა მხოლოდ გარემოზე, არამედ იქ მობინადრე ცხოველებზეც უარყოფითად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები