Thumbnail

სად ვუყუროთ SpaceX-ის ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდის დედამიწაზე დაბრუნებას?

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მისიის Demo-2 ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი SpaceX-ის კაფსულით Crew Dragon დედამიწაზე 2 აგვისტოს დაბრუნდებიან.

1 აგვისტოს, თბილისის დროით 17:10 საათზე, NASA-ს ტელეარხი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის ტრანსლაციას შემოგვთავაზებს. 2 აგვისტოს, თბილისის დროით 01:15 საათზე კი, კაფსულის ჩახსნის პირდაპირი რეპორტაჟი დაიწყება. კოსმოსური ხომალდი სადგურისგან 03:34 საათზე განცალკევდება, იმავე დღის 22:43 საათზე, დედამიწის ატმოსფეროში შეღწევის შემდეგ, Crew Dragon ატლანტის ოკეანის ზედაპირზე დაეშვება. ორშაბათს, 3 აგვისტოს კი, თბილისის დროით 01:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც მისიის შედეგებს შეაჯამებენ.

ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი თითქმის ორი თვეა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან. ფოტო: The Verge

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა მიმდინარე წლის 30 მაისს შედგა, 31 მაისს კი Crew Dragon დედამიწის ორბიტაზე მყოფ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ეს კოსმოსური ფრენების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

Crew Dragon-ის მეორე ეკიპაჟიანი ფრენა სექტემბერში იგეგმება

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები