Thumbnail

მამრი დელფინები ერთმანეთს პარტნიორის მოხიბლვაში ეხმარებიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მომუშავე ბიოლოგებმა, კოლეგებთან ერთად, ახალგაზრდა ბოთლცხვირა დელფინების ქცევა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მამრი ძუძუმწოვრები თავისსავე სქესის წარმომადგენლებთან დამეგობრებას საკმაოდ დიდ დროს უთმობენ, რადგან სიმწიფის ასაკში მათგან პოტენციური პარტნიორის მოხიბლვაში დახმარებას ელიან.

გამოცემაში Behavioral Ecology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა კვლევა 30 წლის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში მდებარე შარკის ყურეში მობინადრე 1700-ზე მეტ ბოთლცხვირა დელფინზე დაკვირვებისას არის მოპოვებული.

მგალობელ ფრინველებს, ადამიანების მსგავსად, სხვადასხვა დიალექტი აქვთ

მეცნიერებმა ყურადღება 10 წლამდე ასაკის მამრ ინდივიდებზე გაამახვილეს. მათი ქცევის ანალიზმა აჩვენა, რომ დელფინები სხვადასხვა შემადგენლობის ერთი ჯგუფიდან მეორეში ყოველ 10 წუთში ერთხელ ინაცვლებდნენ, თუმცა ცდილობდნენ, მცირერიცხოვან სამეგობრო წრეში შედარებით მეტხანს გაჩერებულიყვნენ. მკვლევართა განცხადებით, ამგვარი გაერთიანების წევრები შეჯვარების პერიოდში ერთმანეთს მხარში უდგანან და პოტენციური პარტნიორისთვის თავის მოწონებაში ეხმარებიან.

მამრი ბოთლცხვირა დელფინები მდედრის მოსახიბლად სინქრონულად მოძრაობენ. ფოტო: Jeff Mondragon

აღსანიშნავია, რომ მამრი ბოთლცხვირა დელფინებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც უპირატესი სხვებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაა, ამავე სახეობის წარმომადგენელი მდედრი ძუძუმწოვრები საკუთარი დროის უმეტეს ნაწილს არა სოციალიზაციას, არამედ საკვების მოპოვებას უთმობენ. სპეციალისტთა აზრით, ამგვარად ისინი მაკეობისთვის ემზადებიან - პერიოდისთვის, როდესაც ენერგიის მნიშვნელოვანი მარაგი დასჭირდებათ.

მეცნიერთა თქმით, სოციალურ დისტანცირებას ხეებიც მიმართავენ

მეცნიერთა გამოთვლებით, შეჯვარების წარმატებული მცდელობების 80 პროცენტი სწორედ ზემოხსენებული თანადგომის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ სოციალური აქტივობა მამრ დელფინებს ისეთი უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რომლებიც მათ სქესობრივი მომწიფების თანმდევი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში გამოადგებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები