Thumbnail

მეცნიერებმა 100 მილიონი წლის წინ ოკეანეში დამარხული ბაქტერიები გააცოცხლეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიაში მდებარე კოჩის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, წყნარი ოკეანის ფსკერზე არსებულ ნალექში 100 მილიონი წლის წინ დამარხული ბაქტერიები აღმოაჩინეს და შესაბამის ლაბორატორიულ პირობებში მათი გაცოცხლება შეძლეს.

► მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ლითონით იკვებება

გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა მრავალი მილიონი წლით დათარიღებული გრუნტის ნიმუშები ავსტრალიის აღმოსავლეთით განხორციელებული ექსპედიციისას მოიპოვეს. წყნარი ოკეანის ზედაპირიდან 6 კილომეტრის სიღრმეზე ფსკერიდან საბურღი გემის მეშვეობით ამოღებული წითელი პელაგიური თიხისგან მათ მიკროორგანიზმები გამოაცალკევეს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სიცოცხლისთვის არათავსებად პირობებში იმყოფებოდნენ - ზონაში, სადაც ჟანგბადისა და საკვების უკმარისობაა.

იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა მიკროორგანიზმები წყნარი ოკეანის ფსკერის ბურღვისას აღებული გრუნტიდან გამოაცალკევა. ფოტო: IODP JRSO

მიკრობები ლაბორატორიაში, მინის ჭურჭელში მოათავსეს და ჟანგბადითა და ენერგიის აღსადგენად საჭირო ნახშირბადისა და აზოტის შემცველი ნივთიერებებით მოამარაგეს. ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ, ერთუჯრედიანი ორგანიზმების 99 პროცენტი გაცოცხლდა და გამრავლდა კიდეც.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბაქტერიებმა საკვების მარაგი მთლიანად მოიხმარეს, გაყოფის შედეგად კი მათი რაოდენობა 10 ათასჯერ გაიზარდა. პოლარული წრის მიღმა არსებული მკაცრი კლიმატისა თუ უდაბნოს გაუსაძლისი სიცხის პირობებში მიკრობებს განსაკუთრებული სასიცოცხლო უნარები არაერთხელ გამოუვლენიათ, ახლა კი ამ ჩამონათვალს წყნარი ოკეანის ფსკერიც დაემატა.

იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ გაცოცხლებული ბაქტერიები. ფოტო: JAMSTEC

კონტინენტების მახლობლად არსებულ ღრმა ნალექში დიდი ოდენობით ორგანული ნივთიერებების არსებობის შესახებ მეცნიერებისთვის ადრეც იყო ცნობილი, ახალი კვლევის შედეგად კი გაირკვა, რომ სიცოცხლე ოკეანის ფსკერის სიღრმეშიც, კლდოვან საფუძვლამდე ვრცელდება. სპეციალისტები გაცოცხლებული ბაქტერიების უკეთ შესწავლას გეგმავენ და ვარაუდობენ, რომ ეს მათი ევოლუციისა და ჩვენი პლანეტის ეკოსისტემაში შემავალი ორგანიზმების გავრცელების არეალის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები