Thumbnail

ნახეთ: Virgin Galactic-მა ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი წარმოადგინა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ბრიტანული კომპანია Virgin Galactic, რომელიც კოსმოსში ტურისტული ფრენების მოწყობას გეგმავს, სუბორბიტური ხომალდის SpaceShipTwo უახლესი მოდელის, VSS Unity-ის ინტერიერის დიზაინის ამსახველ გრაფიკულ ვიდეოს ავრცელებს. კოსმოსური თვითმფრინავი, რომელსაც დედამიწიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ნულოვანი გრავიტაციის წერტილამდე მიღწევა შეუძლია, ბორტზე 6 მგზავრს დაიტევს.

► NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

რკალისებრად განლაგებული 12 დიდი ფანჯრიდან ტურისტები კოსმოსისა და ჩვენი პლანეტის თვალწარმტაცი ხედით ტკბობას შეძლებენ და უწონადობის მდგომარეობასაც გამოსცდიან, რომლის უკეთ აღსაქმელად კონსტრუქტორებმა კოსმოსურ თვითმფრინავში სარკე დაამონტაჟეს. მგზავრების კომფორტისთვის, სავარძლების პოზიციის რეგულირებაა შესაძლებელი. მათ საზურგეზე ეკრანებია დამაგრებული, რომლებზეც ფრენის შესახებ ინფორმაცია იქნება გამოტანილი, კაბინაში განთავსებული 16 კამერა კი რეისის თითოეულ დეტალს დააფიქსირებს. 

 

კოსმოსურ ლაინერზე მოხვედრის მსურველებმა 250 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. ბილეთის საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, კომპანია კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. ხომალდის პირველი ფრენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მასზე ადგილი ამ დროისთვის უკვე 600-მდე ადამიანს აქვს დაჯავშნილი.

2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის თებერვალში VSS Unity-მ ორი პილოტირებადი სუბორბიტული ფრენა განახორციელა და მალე ტესტირების საბოლოო ეტაპზეც გადავა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა გამოცდა წარმატებით დასრულდება, Virgin Galactic ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან მგზავრების უწონადობის ზონაში გაყვანის ლიცენზიას მიიღებს და უახლოეს მომავალში ტურისტული რეისიც ჩაინიშნება.

► NASA სტრატოსფეროში სტადიონის ზომის საჰაერო ბურთს გაუშვებს

Virgin Galactic მულტიინდუსტრიული გიგანტის, Virgin Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბრიტანელმა მილიარდერმა, რიჩარდ ბრანსონმა 2004 წელს დააფუძნა. ეს პროექტი თავიდანვე უამრავ დაბრკოლებას გადააწყდა. საფრენი აპარატის ტესტირება წლების განმავლობაში ფერხდებოდა, 2014 წელს კი SpaceShipTwo-ს პირველი მოდელის, VSS Enterprise-ის საცდელი გაშვება კატასტროფით დასრულდა, რასაც პილოტის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, ავტორებმა ამბიციური ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა მაინც გადაწყვიტეს და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კოსმოსური ლაინერის პირველი კომერციული ფრენის მომსწრენიც გავხდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები