Thumbnail

ნახეთ: NASA-მ წითელი პლანეტისკენ მარსმავალი Perseverance გაუშვა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი მარსმავალი Perseverance გაუშვა. რაკეტა Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 30 ივლისს, თბილისის დროით 15:50 საათზე აფრინდა.

NASA-ს მარსმავალმა ახალი სელფი გადაიღო

როვერი წითელი პლანეტისკენ დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იფრენს. 2021 წლის 18 თებერვალს ის მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვება, რომლის სიღრმე 500 მეტრია, დიამეტრი კი 45 კილომეტრი. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ იქ ტბა და მდინარის დელტა იყო.

 

კორონავირუსის პანდემიის გამო მისიის გადადების საფრთხე არსებობდა, თუმცა სპეციალისტებმა მარსმავალის გაშვების თარიღი არ შეცვალეს. 17 ივლისიდან სამი კვირის განმავლობაში დედამიწისა და წითელი პლანეტის ურთიერთმდებარეობა როვერის გასაშვებად ყველაზე ხელსაყრელი გახლავთ. მსგავსი რამ ყოველ 26 თვეში ერთხელ მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობის არგამოყენების შემთხვევაში, NАSA-ს პროექტის ორ წელზე მეტი დროით გადადება მოუწევდა.

მარსმავალი Perseverance ვერტმფრენითაა აღჭურვილი, რომელიც პატარა დრონის ზომისაა და სულ რაღაც 1.8 კილოგრამს იწონის.

Perseverance მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს და პლანეტის გეოლოგიურ მახასიათებლებს შეისწავლის. 2031 წლისთვის NASA როვერის მიერ შეგროვებული ყველა ნიმუშის დედამიწაზე ჩამოტანასაც გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება. მარსმავალს კვლევაში კორპუსში მოთავსებული ვერტმფრენიც დაეხმარება, რომელიც წითელ პლანეტაზე 5 სატესტო ფრენას განახორციელებს. მისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კი იმ ტექნოლოგიების გამოცდაა, რომლებმაც მარსის ეკიპაჟიანი მისიის მონაწილეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები