Thumbnail

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობა დაადგინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე პრეისტორიული მეგალითური მონუმენტის, სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობის გარკვევას მეცნიერები არაერთი საუკუნეა უშედეგოდ ცდილობენ, თუმცა ახალმა კვლევამ ამ საკითხის გარშემო შექმნილ გაუგებრობას წერტილი საბოლოოდ დაუსვა. სპეციალისტთა ჯგუფმა, ბრაიტონის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ნეშის ხელმძღვანელობით, უზარმაზარი ლოდების წარმოშობის ადგილის დადგენა შეძლო.

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი არქეოლოგიური ძეგლი სხვადასხვა ტიპისა და ზომის ქვებისგანაა აგებული. ცნობილია, რომ მათი ნაწილი უელსში მდებარე პემბრუკშირის საგრაფოს მახლობლად არსებული ბორცვებიდანაა მოზიდული. რაც შეეხება შედარებით მოზრდილ ქვიშაქვის ლოდებს, მათი წარმომავლობა ამ დრომდე ბუნდოვანი იყო. ისინი დაახლოებით 20 ტონას იწონიან, სიმაღლეში კი 7 მეტრს აღწევენ. სტოუნჰენჯში სულ 52 ასეთი ქვაა შემორჩენილი.

სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმოშობის ადგილი - ვესტ ვუდსის ტყე. ფოტო: Mark Bauer

ბრიტანული აკადემიის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ზემოხსენებული ქვების ქიმიური შემადგენლობა სპეციალური რენტგენული სპექტრომეტრის მეშვეობით შეისწავლეს და მიღებული შედეგი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აღებულ ნიმუშებს შეადარეს. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 50 ლოდი ერთმანეთის მსგავსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთი კონკრეტული ადგილიდან მოიპოვეს. ძიებამ სპეციალისტები პირველწყარომდე - ქალაქ მარლბოროსთან მდებარე ვესტ ვუდსის ტყემდე მიიყვანა, რომელიც მონუმენტიდან სულ რაღაც 24 კილომეტრითაა დაშორებული.

"უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ლოდების შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი ზომა იყო. მონუმენტის მშენებლებს ყველაზე დიდი და შესამჩნევი ქვები სჭირდებოდათ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მასალა შეძლებისდაგვარად ახლო მანძილიდან მოზიდეს",- განაცხადა გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომის თანაავტორმა, სუზან გრინიმ.

ამ აღმოჩენის მიუხედავად, მკვლევრებისთვის უცნობია, საიდან შეიძლებოდა, მოეტანათ მრავალი საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებს ის 2 ქვა, რომლის შემადგენლობაც დანარჩენისგან სრულიად განსხვავებულია. თუმცა, უკანასკნელ მიგნებას სტოუნჰენჯის საიდუმლოს ამოსახსნელად გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები