Thumbnail

ნახეთ: ავსტრალიის ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი ბინადრობს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ავსტრალიაში მობინადრე ჟირაფი გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. 5.7 მეტრი სიმაღლის ცხოველი, სახელად ფორესტი, თავისი სახეობის ცოცხალ წარმომადგენლებს შორის ყველაზე ტანმაღალია. ის სულ 2 წლის იყო, როდესაც ქუინსლენდის შტატის ზოოპარკში მიიყვანეს. ახლა ფორესტი უკვე 12 წლისაა, თუმცა მომვლელთა თქმით, ზრდას ჯერ კიდევ აგრძელებს.

გინესის რეკორდის მფლობელი 10 ცხოველი

აღნიშნული რეკორდი მანამდე დიდი ბრიტანეთში მობინადრე ჟირაფს, სახელად ზულუს ეკუთვნოდა, რომელიც 5.8 მეტრის სიმაღლის გახლდათ, თუმცა წყვილჩლიქოსანთა რიგის წარმომადგენელი ეს ძუძუმწოვარი 2017 წელს გარდაიცვალა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი

ფოტო: Australia Zoo

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი

ფოტო: Australia Zoo

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჟირაფი

ფოტო: Australia Zoo

ჟირაფების პოპულაციას, რომელიც დაახლოებით 100 ათასამდე ინდივიდისგან შედგება, გარემოს დაბინძურებისა და ბრაკონიერების გამო, საფრთხე ემუქრება. სპეციალისტების ინფორმაციით, გასული საუკუნის მიწურულისთვის ამ ცხოველის რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდა. დღეს ისინი საჰარის უდაბნოს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკის სავანაში ბინადრობენ. საჰარის ჩრდილოეთით კი, ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, ჟირაფები ადამიანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში გაანადგურეს.

ქუინსლენდის შტატში მდებარე ზოოპარკს, რომელშიც ფორესტი ბინადრობს, ირვინების ოჯახი ფლობს, რომელმაც არაერთი ტელეგადაცემითა თუ დოკუმენტური ფილმით გაითქვა სახელი. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი სტივენ ირვინი გახლდათ, რომელსაც "ნიანგებზე მონადირეს" ეძახდნენ. ის ამავე სახელწოდების ტელეშოუს ვარსკვლავი იყო, რომელიც ცოლთან, ტერი ირვინთან ერთად მიჰყავდა. სტივენი 2006 წელს გადაღებების დროს შხამიანი სკატის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი მის მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ათასობით ცხოველზე ზრუნავს. მათ მიერ განხორციელებად პროექტებს შორის არის ჟირაფების გამრავლების პროგრამაც, რომელშიც ფორესტიც მონაწილეობს. მას ამ დროისთვის უკვე 12 ნაშიერი ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები