Thumbnail

ახალი მოწყობილობის საშუალებით სასურველ სიზმრებს ნახავთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ბოსტონის კოლეჯსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მათ მიერვე შექმნილი სპეციალური მოწყობილობით ადამიანებისთვის სასურველი სიზმრების შთაგონების საშუალებას იძლევა.

"დორმიოს" სახელით ცნობილი აპარატი ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას, ჰიპნაგოგიას იყენებს. ეს ღვიძილსა და ძილს შორის შუალედური ეტაპია, როდესაც ადამიანი დროისა და სივრცის შეგრძნებას კარგავს და სხვადასხვა გარეშე იმპულსის, მათ შორის ხმოვანი გამღიზიანებლის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება, რა დროსაც მისთვის რაიმეს ჩაგონება სირთულეს არ წარმოადგენს. 

ამერიკელი მეცნიერების მიერ შექმნილი მოწყობილობა "დორმიო", რომლის საშუალებითაც სასურველ სიზმრებს ნახავთ. ფოტო: Oscar Rosello

"დორმიოს" სენსორები, რომლებიც მაჯაზე დამაგრებულ ხელთათმანის მსგავს მოწყობილობაშია ჩამონტაჟებული, ადამიანის ორგანიზმში ძილისთვის დამახასიათებელ ფიზიოლოგიურ ცვლილებას აფიქსირებენ და ამის შესახებ სპეციალურ აპლიკაციას ატყობინებენ. სიგნალის მიღებისთანავე ირთვება მასტიმულირებელი აუდიოჩანაწერი, რომელიც ცნობიერებას კონკრეტული სახის ინფორმაციას გადასცემს და წინასწარ განსაზღვრული თემის, მაგალითად, ხეების შესახებ ფიქრისკენ უბიძგებს. ნახევრად მძინარე ადამიანი მიღებულ იმპულსებს გადაამუშავებს და მათ მიხედვით სიზმრის სურათ-ხატებს ქმნის.

მეცნიერების მიერ მოწყობილობის ეფექტურობის დასადგენად ჩატარებულ ექსპერიმენტში 49 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც გამოღვიძებისთანავე ნანახ სიზმარს ჰყვებოდნენ. ცდის შედეგად მოპოვებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მონათხრობის 67 პროცენტი ხეებთან იყო დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევრებმა ცდისპირთათვის სიზმრების შთაგონება შეძლეს.

იმის მიუხედავად, რომ მოწყობილობა ჯერ კიდევ დასახვეწია, ცდის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ "დორმიო" ნამდვილად ახდენს გარკვეული სახის გავლენას სიზმრების შინაარსზე. გამოცემაში Consciousness and Cognition გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, გამორიცხული არაა, რომ ეს მეთოდი უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ძილის პროცესზე დაკვირვებაში, არამედ სწავლების ახალი ტექნიკის დანერგვაშიც დაგვეხმაროს. 

კომენტარები

ბოლო ამბები