Thumbnail

მეცნიერებმა ჟანგბადის რეკორდულად დაბალი შემცველობის მქონე გალაქტიკა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ტოკიოს უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა, კოლეგებთან ერთად, იაპონიის სახელმწიფო ობსერვატორიის კუთვნილი ტელესკოპის, Subaru-ს მიერ მოპოვებული მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ჟანგბადის რეკორდულად დაბალი შემცველობით გამოირჩევა.

უძველესი სინათლის შესწავლით სამყაროს სავარაუდო ასაკი დაადგინეს

HSC J1631+4426-ის სახელით ცნობილი გალაქტიკა ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან 450 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა გამოთვლებით, ჟანგბადის დონე იქ უკიდურესად დაბალია და მზეზე არსებული ჟანგბადის 1.6 პროცენტს შეადგენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვარსკვლავების ფორმირების პროცესი გალაქტიკაში ახალი დაწყებულია. ამის გარდა, მას განსაკუთრებულად მცირე ვარსკვლავური მასა გამოარჩევს. ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 0.8 მილიონ მზის მასას უდრის, რაც ირმის ნახტომის გალაქტიკის დაახლოებით 1/100,000-ია.


ჟანგბადი ვარსკვლავების ფორმირების შედეგად წარმოქმნილი მეორადი პროდუქტია. რაც უფრო მეტი ჟანგბადია ამა თუ იმ გალაქტიკაში, მით უფრო დიდია ამ უკანასკნელის ასაკი. თანამედროვე სამყაროში არსებული გალაქტიკების უმეტესობა დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. კოსმოსის მუდმივი გაფართოების გამო, მათი წარმოქმნისთვის საჭირო მატერიას შემჭიდროვება უჭირს, რის გამოც ზემოხსენებულის მსგავსი ახალგაზრდა სისტემები იშვიათობას წარმოადგენს.

ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის პლანეტური სისტემა ფოტოზე აღბეჭდეს

კვლევის დროს მეცნიერთა მიზანი სწორედ ახალგაზრდა გალაქტიკის აღმოჩენა იყო. ჰავაის კუნძულებზე განლაგებული იაპონური ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების დამუშავების შემდეგ, კომპიუტერმა 40 მილიონიდან 27 ობიექტი შეარჩია. მათ შორის იყო HSC J1631+4426-იც, რომელზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ის, შესაძლოა, ერთ-ერთი უკანასკნელი ახალდაბადებული გალაქტიკა იყოს. მკვლევრები ამ აღმოჩენას კოსმოსის ევოლუციის შესწავლაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ და იმედოვნებენ, რომ მოპოვებული ინფორმაცია მათ გალაქტიკების განვითარების ეტაპების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები