Thumbnail

ნიუ ჰემფშირის გზებზე მფრინავი მანქანებით გადაადგილება დაუშვეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნიუ ჰემფშირი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მფრინავი ავტომობილებით გზებზე გადაადგილება დაუშვეს. შესაბამის კანონს ხელი გუბერნატორმა კრის სუნუნუმ მოაწერა.

მფრინავი მანქანების მომავალი მფლობელები შტატის ტერიტორიაზე ტრადიციული სახმელეთო ტრანსპორტისთვის დადგენილი ყველა წესის დაცვით იმოძრავებენ, თუმცა კანონი საავტომობილო გზის ჰაერში ასაფრენად ან მიწაზე დასაშვებად გამოყენებას არ ითვალისწინებს. პილოტებს მათი საშუალებით მხოლოდ აეროპორტამდე მისვლა და უკან დაბრუნება შეეძლებათ.

ნიუ ჰემფშირში ამ კანონის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მფრინავი ავტომობილების საცდელ მოდელებზე აქტიური მუშაობა დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ პროტოტიპები არსებობს, რომელთა დახვეწაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, შტატის ხელისუფლებას სურს, მოსალოდნელ სატრანსპორტო-ტექნოლოგიურ სიახლეს მომზადებული შეხვდეს. 

მასაჩუსეტსის შტატში დაფუძნებული სტარტაპის, Terrafugia-ს მიერ შექმნილი მფრინავი მანქანა. 

მფრინავი მანქანების შექმნის მიმართულებით დღეისთვის ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელი მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასაჩუსეტსის შტატში დაფუძნებული სტარტაპი Terrafugia, რომელიც ჩინურ კომპანია Geely-ის ეკუთვნის. ცნობილი ბრენდების, Volvo-სა და Lotus-ის მფლობელი მულტინაციონალური კორპორაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მოცემული დროისთვის ინოვაციურ პროექტზე მათი ასამდე სპეციალისტი მუშაობს. ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სისტემით აღჭურვილი ავტომობილის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა კი 2023 წლისთვის იგეგმება. 

კიდევ ერთი კომპანია, ორეგონის შტატში დაფუძნებული სტარტაპი Samson Sky კი საკუთარი მფრინავი ავტომანქანის, Switchblade-ის გამოშვებას 2019 წელს გეგმავდა. სპეციალისტებმა მისი პროტოტიპიც დაამზადეს, თუმცა აერომობილი შეძენის მსურველთათვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. ანალოგიურ პროექტზე მუშაობს ასევე აეროკოსმოსური გიგანტი Boeing, რომლის მიერ შექმნილი მფრინავი მანქანა ამჟამად ტესტირების ეტაპზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები