Thumbnail

ნახეთ: ტემპერატურის მატების გამო კანადაში ორი მყინვარი გაქრა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნუნავუტის ტერიტორიაზე, წმინდა პატრიკის ყურის მახლობლად არსებული ორი დიდი მყინვარის გუმბათი მთლიანად გაქრა. ამას ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ახალი ფოტოსურათი ადასტურებს, რომელიც დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრზე Terra დამონტაჟებული ხელსაწყოთი ASTER არის გადაღებული.

პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

კანადის არქტიკულ არქიპელაგში შემავალ კუნძულ ელსმირზე ყინულის ეს ორი კერა რამდენიმე საუკუნის წინ, ე.წ. მცირე გამყინვარების პერიოდში წარმოიქმნა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, გლობალური დათბობის გამო, მათ საგანგაშოდ სწრაფი ტემპით დაიწყეს დნობა, ახლა კი საბოლოოდ გაქრნენ. NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე სწორედ ხანგრძლივი პროცესის შედეგად სახეცვლილი რეგიონია აღბეჭდილი, სადაც ყინულის ვრცელი საფარის ნაცვლად სიცარიელე მოჩანს.

წმინდა პატრიკის ყურე 2015 (მარცხნივ) და 2020 (მარჯვნივ) წლებში დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათებზე. ფოტო: NSIDC

მეცნიერებისთვის მომხდარი მოულოდნელი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელშიც მყინვარების დნობის არასახარბიელო ტენდენციაზე იყო საუბარი. კვლევის თანახმად, 1959-დან 2015 წლამდე დროის პერიოდში 7.48 და 2.93 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ყინულის ორივე საფარი იმდენად შემცირდა, რომ თავდაპირველი ფართობის მხოლოდ 5 პროცენტი შეადგინა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ უახლოეს 5 წელიწადში ყინულის მასა სრულიად გაუჩინარდებოდა. უკანასკნელი მონაცემები ადასტურებს, რომ მათი ვარაუდი გამართლდა.

► ციმბირში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მსოფლიო კლიმატის ცვლილება არქტიკაზე, ჩვენი პლანეტის სხვა რეგიონებთან შედარებით, ორმაგად აისახება. შესაბამისად, ტემპერატურის მატება ამ რეგიონში ბევრად სწრაფად მიმდინარეობს. მეცნიერები შიშობენ, რომ აღნიშნულ მიზეზთა გამო საფრთხე კუნძულ ელსმირზე მდებარე კიდევ ორ მყინვარს - მურეისა და სიმონსსაც ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები