Thumbnail

კოკაინით დატვირთული თვითმფრინავი ზედმეტი წონის გამო ჩამოვარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქ პორტ მორზბის მახლობლად მდებარე აეროდრომზე ამერიკული კომპანია "სესნას" მიერ წარმოებული მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი დიდი რაოდენობით კოკაინი იყო, რომლის გადაზიდვასაც კონტრაბანდისტები ავსტრალიაში გეგმავდნენ. საფრენმა აპარატმა ტვირთის სიმძიმეს ვერ გაუძლო და აფრენის მცდელობისას ავიაკატასტროფა განიცადა.

ავარიის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდაპირველად ვერაფერს მიაკვლიეს, თუმცა მოგვიანებით, ძაღლების დახმარებით კუნძულის სხვა მხარეს კოკაინის 28 შეკვრა აღმოაჩინეს, რომელთა წონამაც ჯამში 500 კილოგრამი შეადგინა. პოლიციის ვარაუდით, დამნაშავეებს ქვეყნის საზღვარზე 80 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების კონტრაბანდის გადატანა სურდათ, თუმცა ვერ გაითვალისწინეს, რომ ეს Cessna 402C ტიპის თვითმფრინავისთვის ზედმეტი დატვირთვა იქნებოდა, რის გამოც მათი მცდელობა კრახით დასრულდა.

პაპუა-ახალ გვინეაში ჩამოვარდნილი Cessna 402C ტიპის თვითმფრინავი. ფოტო: ABC News

გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფება კოკაინის საჭირო რაოდენობის შესაგროვებლად ავსტრალიის ქვინსლენდის პროვინციაში მდებარე ქალაქ მარიბადან პაპუა-ახალ გვინეაში 26 ივლისს დილით ჩაფრინდა. რადარებისგან დასამალად, თვითმფრინავი ხმელეთიდან დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა. იმავე დღის ნაშუადღევს უკან გამგზავრება იგეგმებოდა, თუმცა ავიაკატასტროფის გამო ეს ვეღარ მოხერხდა. ჩამოვარდნის შემდეგ პილოტმა რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ტვირთის გადამალვა სცადა.

მომხდარის გამო სამართალდამცველებმა ხუთი პიროვნება დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი - პილოტი, რომელიც Cessna 402C-ს მართავდა, პაპუა-ახალ გვინეაში მდებარე ავსტრალიის საელჩოს თავად ჩაბარდა. ვარაუდობენ, რომ კონტრაბანდისტებს იტალიაში მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან აქვთ კავშირი. მათ სხვადასხვა ბრალდება წაუყენეს, რომელთაგან ზოგი სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები