Thumbnail

კომპანიები Virgin Galactic და Rolls-Royce ზებგერით თვითმფრინავს შექმნიან

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრიტანულმა კომპანიამ Virgin Galactic ახალი ზებგერითი თვითმფრინავის პირველადი დიზაინი წარმოადგინა და ავტომწარმოებელ Rolls-Royce-სთან შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომელიც საფრენი აპარატისთვის განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი ძრავის შექმნაზე იმუშავებს.  

თვითმფრინავი, რომელსაც სამკუთხედის ფორმის ერთიანი ფრთა ექნება, საათში დაახლოებით 3700 კილომეტრის დაფარვას შეძლებს, რაც ბგერის სიჩქარეს სამჯერ აღემატება. პროექტის მიხედვით, ის 9-დან 19-მდე მგზავრს გადაიყვანს და 18 კილომეტრის სიმაღლეზე იფრენს, რაც სტანდარტული კომერციული ავიალაინერების საფრენ სიმაღლეზე თითქმის ორჯერ მეტია. 

პირველადი დიზაინის წარდგენის შემდეგ, მწარმოებლების ამოცანა ზებგერითი თვითმფრინავის ასაგებად გამოსაყენებელი მასალის შერჩევა და სიჩქარის აკრეფის დროს ძრავის გადახურებისგან დაცვა იქნება. ამ და სხვა ტექნიკურ გამოწვევებთან გამკლავების შემდეგ, Virgin Galactic იმედოვნებს, რომ აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან საფრენი აპარატის გამოცდის ნებართვას მიიღებს. 

Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი

ფოტო:  Virgin Galactic

Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი

ფოტო:  Virgin Galactic

Virgin Galactic-ის მიერ შექმნილი ზებგერითი თვითმფრინავის დიზაინი

ფოტო:  Virgin Galactic

აღსანიშნავია, რომ Virgin Galactic კიდევ ერთ პროექტს ასრულებს, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ტურიზმისთვის განკუთვნილმა ხომალდმა SpaceShipTwo საცდელი სუბორბიტული ფრენები უკვე განახორციელა. საფრენმა აპარატმა შემოწმება წარმატებით გაიარა და უწონადობის ზონაში მგზავრების გაყვანის ლიცენზიას ელის. კოსმოსური თვითმფრინავი, რომელსაც დედამიწიდან დაახლოებით 100 კილომეტრის სიმაღლეზე, ნულოვანი გრავიტაციის წერტილამდე მიღწევა შეუძლია, ბორტზე 6 მგზავრს დაიტევს.

► ნახეთ: Virgin Galactic-მა ტურისტული კოსმოსური ხომალდის ინტერიერი წარმოადგინა

Virgin Galactic მულტიინდუსტრიული გიგანტის, Virgin Group-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბრიტანელმა მილიარდერმა, რიჩარდ ბრანსონმა 2004 წელს დააფუძნა. ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მისი აქციების ფასი 7 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ზებგერითი თვითმფრინავი საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და 2040 წლისთვის მისი გაყიდვების მაჩვენებელი წელიწადში 800 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. 

ზებგერით თვითმფრინავებზე მუშაობის გამოცდილება Rolls-Royce-საც აქვს. სწორედ ამ ბრიტანული კომპანიის მიერ არის შექმნილი "კონკორდის" ტურბორეაქტიული ძრავი. თვითმფრინავი, რომელიც საათში 2179 კილომეტრს ფარავდა, ავიარეისებს 1976-დან 2003 წლამდე დროის პერიოდში ასრულებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები