Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი გამოცადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

SpaceX-ის კაფსულით Crew Dragon ამერიკელი ასტრონავტების, რობერტ ბენკენისა და დაგლას ჰერლის დედამიწაზე დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ, ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ კოსმოსური ხომალდის Starship რიგით მეხუთე პროტოტიპი გამოცადა.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ცილინდრის ფორმის აპარატი ბოკა ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომიდან 150 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა, რის შემდეგაც ხმელეთზე უსაფრთხოდ დაეშვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კომპანიის მიერ პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შექმნილმა ხომალდმა, სახელად Starhopper, ასეთივე მანძილი უკვე დაფარა, თუმცა Starship-ისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა.

"მარსზე გაფრენა სულ უფრო რეალური ხდება", - განაცხადა SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ცდის წარმატებით დასრულების შემდეგ. 


Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. სამომავლოდ კომპანია მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა.

დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. 

SpaceX-მა აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან სუბორბიტული ფრენის უფლება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ექსპერიმენტული აპარატები ასვლას 100-ზე მეტი კილომეტრის სიმაღლეზე შეძლებენ. მანამდე კი, ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში განლაგებულ კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდაა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს ხომალდის გაუმჯობესებაში ეხმარება. მიმდინარე წლის ივნისში მედიამ მასკის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიც გაასაჯაროვა, რომელშიც ის საკუთარი გუნდის წევრებს მოუწოდებს, მთავარ პრიორიტეტად სწორედ ეს პროექტი მიიჩნიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები