Thumbnail

ლიბანში აფეთქება ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალი გემის ტვირთმა გამოიწვია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა. ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

აფეთქებისას გამოთავისუფლებულმა ენერგიამ მძლავრი სეისმური რხევები გამოიწვია. დამანგრეველმა ტალღებმა საცხოვრებელი სახლები მთელი ქალაქის მასშტაბით დააზიანა და ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია. ძლიერი ბიძგები ბეირუთიდან 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსის რესპუბლიკაშიც იგრძნეს, სადაც 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

სპეციალისტების ვარაუდით, კატასტროფის მიზეზი პორტში განლაგებულ საწყობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატია, რომელსაც ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. აღნიშნული ნივთიერება იქ 2014 წელს მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გადაიტანეს, რომელსაც ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში უნდა წაეღო.

გემი Rhosus, რომელსაც ბათუმიდან მოზამბიკში დიდი რაოდენობით ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. ფოტო: Enwy

ბათუმიდან დაძრული გემი, სახელად Rhosus, ბეირუთის პორტში 2013 წლის 23 სექტემბერს შეჩერდა, რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო გზის გაგრძელება აღარ შეეძლო. ადგილობრივმა სამსახურებმა მისი შემოწმებისას მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინეს, რის გამოც ეკიპაჟის წევრები გარკვეული დროით ლიბანში დააყოვნეს. გემის მფლობელ რუს ბიზნესმენთან დაკავშირების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მეზღვაურები სამშობლოში დაებრუნებინათ, 2750 მეტრული ტონა ფეთქებადსაშიში ნივთიერება კი პორტთან მდებარე საწყობში გადაეზიდათ, რადგან მისი ბორტზე დატოვება სახიფათო იყო. თუმცა, ამ მოვლენებიდან რამდენიმე წელიწადში ეს ტვირთი კატასტროფის მიზეზი მაინც გახდა.

ლიბანში 3-დღიანი გლოვა და 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მკაცრად დაისჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები