Thumbnail

ტიტიკაკას ტბაში ინკების სარიტუალო ძღვენი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომუშავე ანთროპოლოგმა, ხოსე კაპრილესმა, კოლეგებთან ერთად, ტიტიკაკას ტბაში სარიტუალო ძღვენი აღმოაჩინა, რომელიც ინკებმა საკუთარ ღმერთებს დაახლოებით 500 წლის წინ შესწირეს.

► მეცნიერებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობა დაადგინეს

გამოცემაში Antiquity გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ქვის დალუქულ ყუთს კუნძულ კაკაიას მახლობლად, ერთ-ერთი რიფის ძირში მიაკვლიეს. მცირე ზომის მართკუთხა სათავსოში მათ ნიჟარისგან დამზადებული ლამის 28-მილიმეტრიანი ფიგურა და ოქროს თხელი, დახვეული ფირფიტა დახვდათ, რომლის სიგრძეც 25 მილიმეტრს შეადგენს.

ოქროცა და ტიტიკაკას ტბიდან 2 ათას კილომეტრში მობინადრე მოლუსკის, სპონდილუსის ნიჟარაც ინკების იმპერიაში ძალზე ძვირფასად მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საქმე წყლისა და ნაყოფიერების ღმერთებისთვის განკუთვნილ შესაწირთან აქვთ, რომელიც ინდიელებმა ტბაში თოკის მეშვეობით ჩაუშვეს.

ქვის ყუთში მოთავსებული ლამის ფიგურა და ოქროს ფირფიტა. ფოტო: Teddy Seguin

აღსანიშნავია, რომ ყუთი საუკუნეების განმავლობაში თითქმის არ დაზიანებულა. დინებამ კვალი მხოლოდ ქვის ერთ მხარეს დაამჩნია. პირვანდელი სახითაა შემორჩენილი მისი შიგთავსიც. მკვლევრებისთვის ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იმავე რეგიონში აქამდე მოპოვებული მსგავსი არტეფაქტები ძირითადად წყლისგანაა განადგურებული.

ინკების იმპერია თავისი ძლიერების ეპოქაში კოლუმბიიდან ჩილემდე ტერიტორიას მოიცავდა. ტიტიკაკა წმინდა ადგილად მიიჩნეოდა, რომლის ნაპირებზეც არაერთი სალოცავი იყო აგებული. მეცნიერთა განცხადებით, პერუსა და ბოლივიის საზღვარზე მდებარე ეს ტბა შესაძლოა, ბევრ საიდუმლოს ინახავდეს, რომელიც უძველესი ცივილიზაციის ცხოვრებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები