Thumbnail

მეცნიერებმა მარსზე არხების წარმოქმნის ახალი მიზეზი დაასახელეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კანადელი მეცნიერების ჯგუფმა გამოცემაში Nature Geoscience გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით მარსის ზედაპირზე მდებარე უძველესი არხები, რომლებიც დღემდე მდინარეების კალაპოტებად მიიჩნეოდა, ყინულის მასიური საფარის ქვეშ გამდნარი წყლის დინების შედეგად გაჩნდა. ეს წინააღმდეგობაში მოდის პოპულარულ თეორიასთან, რომლის თანახმადაც წითელ პლანეტაზე ერთ დროს თბილი კლიმატი, ოკეანეები და წყალუხვი მდინარეები იყო.

მარსზე გადაღებული 7 უცნაური და საიდუმლოებით მოცული ფოტოსურათი

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა მარსის 10 ათასამდე ხეობა შეისწავლეს და კანადის არქტიკულ არქიპელაგზე არსებული მყინვარების ქვეშ მოქცეულ არხებს შეადარეს. განსაკუთრებული ყურადღება კუნძულ დევონს მიექცა, რომელსაც უნაყოფო ნიადაგისა და ცივი კლიმატის გამო ხშირად "დედამიწის მარსსაც" კი უწოდებენ. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია.

მარცხნივ კანადაში მდებარე კუნძულ დევონის რელიეფია ნაჩვენები, მარჯვნივ კი მარსზე არსებული არხები.
ფოტო: Cal-Tech

მეცნიერთა მოსაზრებით, წითელი პლანეტის რელიეფი სწორედ დევონის მსგავსად ჩამოყალიბდა. მათი თქმით, არხების უდიდესი ნაწილი 3.8 მილიარდი წლის წინ ყინულის საფარის ქვეშ გამდნარი წყლის დინების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად მარსი უფრო ცივი იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. მკვლევრებს ციურ სხეულზე ოდესღაც არსებული სიცოცხლის დამადასტურებელი ნიშნების აღმოჩენის იმედიც აქვთ, რადგან ყინულის საფარი მზისგან მომავალ რადიაციას დაბლოკავდა და საინტერესო მასალას უვნებლად შემოინახავდა.

ნახეთ: ამ ვიდეოს საშუალებით მარსზე მდებარე ყინულით სავსე კრატერს გადაუფრენთ

კანადელი მეცნიერების კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ ახალი მარსმავლის, Perseverance-ის გაშვებამდე ჩატარდა. როვერი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში იფრენს და 2021 წლის 18 თებერვალს მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში დაეშვება. ის წითელი პლანეტის გეოლოგიურ მახასიათებლებს შეისწავლის და სხვადასხვაგვარ ნიმუშებს შეაგროვებს, რომლებზე დაკვირვებითაც სპეციალისტები შეეცდებიან დაადგინონ, იყო თუ არა ოდესღაც მარსზე სიცოცხლე.

კომენტარები

ბოლო ამბები