Thumbnail

ცხვირის ახალი სპრეი თვითმკვლელობაზე ფიქრებს აქრობს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კორონავირუსის პანდემიის დროს ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე წვდომის შეფერხებით, სოციალური იზოლაცის ზრდით, ცხოვრების წესის გაერთფეროვნებით, სამსახურის დაკარგვითა თუ ახლობელი ადამიანების გარდაცვალებით გამოწვეული დეპრესიის შემთხვევების გახშირებასთან ერთად, სპეციალისტები თვითმკვლელობათა რაოდენობის მკვეთრ მატებას პროგნოზირებენ. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ Johnson & Johnson ნაზალური სპრეი Spravato შექმნა, რომელიც დეპრესიაში მყოფ პაციენტებში სუიციდურ ფიქრებს აქრობს.

სპრეი ესკეტამინს შეიცავს, რომელიც საანესთეზიო პრეპარატის, კეტამინის მონათესავე მედიკამენტია, თუმცა მისთვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები არ აქვს. ის ორგანიზმში ცხვირის ღრუდან აღწევს, რაც მკურნალობისთვის საჭირო დროს საგრძნობლად ამცირებს. თუ ანტიდეპრესანტების უმეტესობა პაციენტის გუნება-განწყობის ამაღლებას რამდენიმე კვირას ანდომებს, ახალი სპრეით სასურველ შედეგი 24 საათის განმავლობაში მიიღწევა.

Johnson & Johnson-ის მიერ შექმნილი ცხვირის სპრეი Spravato, რომელიც სუიციდურ ფიქრებს აქრობს.

Spravato ძირითადად გადაუდებელი დახმარების დაწესებულებებში ან ფსიქიატრიულ კლინიკებში მოთავსებული იმ პაციენტების სამკურნალოდაა გამიზნული, რომლებიც თვითდაზიანებისკენ არიან მიდრეკილი. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) პრეპარატი უკვე დაამტკიცა, თუმცა ჯერჯერობით ის მხოლოდ რისკების შეფასებისა და შემცირების პროგრამის (REMS) ფარგლებშია ხელმისაწვდომი. გამოიყენება ორალურ ანტიდეპრესანტებთან ერთად სამედიცინო მომსახურების პროვაიდერის მეთვალყურეობით. მკურნალობის სრული კურსი ოთხ კვირას მოიცავს და მედიკამენტის კვირაში ორჯერ მიღებას ითვალისწინებს.

პაციენტზე დაკვირვება პრეპარატისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების სწრაფად აღმოსაფხვრელად არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება სხეულის გარეთ გასვლის გამოცდილებაში, გულისრევის შეგრძნებაში, თავბრუსხვევაში, არტერიული წნევის მომატებასა და ძილიანობაში გამოიხატოს. თუმცა, უკანასკნელ კვლევაში, რომელშიც 350-მა ზრდასრულმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა, უკუჩვენებების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობა არ დაფიქსირებულა. 

კომენტარები

ბოლო ამბები