Thumbnail

ნახეთ: Samsung-მა ახალი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

5 აგვისტოს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე სამხრეთკორეულმა კომპანიამ Samsung ახალი სმარტფონები და სხვა მოწყობილობები წარადგინა, რომელთა შორის არის Galaxy Note-ის სერიის მოდელები 20 და 20 Ultra, Galaxy Z Fold 2, Galaxy Buds Live, Galaxy Watch 3 და პლანშეტური კომპიუტერები Galaxy Tab S7 და S7+.

6,7-დუიმიანი ეკრანის მქონე Galaxy Note 20-ის შიდა მეხსიერება 128GB-ია, ოპერატიული მეხსიერება 8GB, ელემენტის ტევადობა კი 4,300mAh. ის 10-მეგაპიქსელიანი სელფის კამერითა და სამი უკანა კამერითაა აღჭურვილი, რომელთაგან ორი 12-მეგაპიქსელიანი, ერთი კი 64-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერაა.

Galaxy Note 20 Ultra-ს ეკრანი 6,9 დუიმია. მისი შიდა მეხსიერება, სელფის კამერისა და ერთი უკანა კამერის მონაცემები საბაზისო მოდელის მსგავსია. ამის გარდა, სმარტფონი 108-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერითაა აღჭურვილი. მისი ოპერატიული მეხსიერება 12GB-მდეა გაზრდილი, ელემენტის ტევადობა კი 4,500mAh-მდე.

ორივე მოდელი ანდროიდ 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, ამერიკული კორპორაცია Qualcomm-ის მიერ დამზადებული მძლავრი პროცესორით Snapdragon 865 Plus არის აღჭურვიული, 5G მხარდაჭერით სარგებლობს და 8K გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერას უზრუნველყოფს. კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობით Samsung მომხმარებლებს Windows-თან დაკავშირების ფუნქციასაც სთავაზობს, რისი მეშვეობითაც მოწყობილობების მფლობელებს სმარტფონში ჩაწერილი აპლიკაციების კომპიუტერით მართვა შეეძლებათ.

Galaxy Note-ის ახალი სერიის მოდელები. ფოტო: Samsung

დასაკეცი სმარტფონის Galaxy Z Fold 2 გარეთა ეკრანის ზომა 6,2 დუიმია, მთლიანი კი - 7,6. ორივე ნაწილის ზედაპირი ერთმანეთთან მაქსიმალურად მჭიდროდაა განლაგებული და თვალშისაცემი ჭრილის ნაცვლად ნაკეცის ადგილზე მხოლოდ მცირე ზომის ჩაღრმავება აქვს. ის პირველი თაობის მოდელზე ბევრად მძლავრია, რასაც პროცესორი Snapdragon 865 Plus განაპირობებს. მოწყობილობას 5G მხარდაჭერა აქვს, მისი შიდა მეხსიერება კი 256GB ან 512GB-ია.

Galaxy Tab S7-ის ეკრანის ზომა 11 დუიმია, Galaxy Tab S7+-ის კი 12,4 დუიმი. ორივე პლანშეტური კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება 6GB ან 8GB-ია, შიდა მეხსიერება 128GB, 256GB ან 512GB, ხოლო ელემენტის ტევადობა 8,000mAh. მათ 13-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5-მეგაპიქსელიანი ფართოლინზიანი და 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, პროცესორი Snapdragon 865 Plus და 5G-ის მხარდაჭერა და აქვთ.

Samsung-მა ასევე უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds Live წარადგინა. მათ პატარა ზომა გამოარჩევს და გარედან შემოსული ხმაურის ჩახშობა შეუძლიათ. აღსანიშნავია ჭკვიანი საათი Galaxy Watch 3-იც, რომელიც ახალი ფუნქციებითაა დატვირთული, გამორჩეული დიზაინი აქვს და სულ ორი ზომითაა წარმოდგენილი.

ახალი მოწყობილობების უმეტესობის შეძენა უკვე შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. Galaxy Note-ის სერიის მოდელების ფასი 1000-1300 დოლარიდან იწყება, Galaxy Tab S7+ და S7-ის 649.99-849.99 დოლარიდან, ჭკვიანი საათის ღირებულება 99.99-429.99 დოლარია, ხოლო ყურსასმენების 169.99 დოლარი.

კომენტარები

ბოლო ამბები