Thumbnail

ნახეთ: ბეირუთი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა კომპანიებმა Planet Labs და Maxar Technologies დედამიწის ორბიტაზე გაშვებულ ხელოვნურ თანამგზავრებზე დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებული ფოტოსურათები გაავრცელეს, რომლებიც ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების დამანგრეველ შედეგებს გვიჩვენებს.

სატელიტურ სურათებზე აფეთქების ეპიცენტრი, ბეირუთის ჩრდილოეთ სანაპიროზე განლაგებული პორტის მიმდებარე ტერიტორიაა აღბეჭდილი. კატასტროფამდე და მის შემდეგ დაფიქსირებული კადრები ხმელეთზე გაჩენილ ღრმულს ასახავს, რომლის ადგილზეც ადრე ორი ნაგებობა იყო განთავსებული. ახლა ის წყლითაა ამოვსებული და ხმელთაშუა ზღვას უერთდება.

შენობები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ნავსადგურის სამხრეთ ნაწილშიც. ზოგიერთის ჩონჩხი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, თუმცა უმეტესობა მთლიანადაა განადგურებული. აფეთქების კვალი ემჩნევა აღმოსავლეთით მდებარე დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ სახლებსაც.

ბეირუთის პორტი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

ფოტო:  Maxar Technologies

ბეირუთის პორტი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

ფოტო: Planet Labs

ბეირუთის პორტი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

ფოტო: Planet Labs

ბეირუთის პორტი აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ

ფოტო: Planet Labs

სპეციალისტების ვარაუდით, კატასტროფის მიზეზი პორტში განლაგებულ საწყობებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატია, რომელსაც ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. აფეთქების შედეგად გამოთავისუფლებულმა ენერგიამ მძლავრი სეისმური რხევები გამოიწვია. ბიძგები ბეირუთიდან 240 კილომეტრით დაშორებულ კვიპროსის რესპუბლიკაშიც იგრძნეს, სადაც 3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

2750 მეტრული ტონა ფეთქებადსაშიში ნივთიერება ბეირუთში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, სახელად Rhosus გადაიტანეს, რომელსაც ტვირთი ბათუმიდან მოზამბიკში უნდა წაეღო. ის ლიბანის უდიდეს პორტში 2013 წლის 23 სექტემბერს შეჩერდა, რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო გზის გაგრძელება აღარ შეეძლო. გემის მფლობელ რუს ბიზნესმენთან დაკავშირების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მეზღვაურები სამშობლოში დაებრუნებინათ, ტვირთი კი პორტთან მდებარე საწყობში გადაეზიდათ, რადგან მისი ბორტზე დატოვება სახიფათო იყო. ამონიუმის ნიტრატი იქ 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.


უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ლიბანში მომხდარ აფეთქებას 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 5 ათასს გადააჭარბა. იქიდან გამომდინარე, რომ ნანგრევებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს. ლიბანში 3-დღიანი გლოვა და 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველა ის პირი, რომლის პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მკაცრად დაისჯება.

კომენტარები

ბოლო ამბები