Thumbnail

ანტარქტიდაზე სამეფო პინგვინების 11 ახალი კოლონია აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრიტანულ კვლევით ორგანიზაციაში British Antarctic Survey (BAS) მომუშავე მეცნიერებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისიის Copernicus Sentinel-2 ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაგზავნილი თანამგზავრის მიერ გადაღებული სურათების შესწავლისას, ანტარქტიდაზე სამეფო პინგვინების 11 ახალი კოლონია აღმოაჩინეს. ნაშრომი გამოცემაში Remote Sensing in Ecology and Conservation გამოქვეყნდა.

ნახეთ: პინგვინები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ

სამეფო პინგვინები ანტარქტიდაზე ადამიანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში ბინადრობენ, სადაც ტემპერატურა -50°C-მდე ეცემა. ამის გამო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბრიტანელი მეცნიერები ამ ფრინველების კოლონიებს თანამგზავრის მიერ გადაღებული გამოსახულებებით ეძებდნენ.

თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული სამეფო პინგვინების კოლონიები

ფოტო: ESA

თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული სამეფო პინგვინების კოლონიები

ფოტო: ESA

თანამგზავრის მიერ დაფიქსირებული სამეფო პინგვინების კოლონიები

ფოტო: ESA

იმის მიუხედავად, რომ სამეფო პინგვინები სატელიტურ სურათებზე აღსაბეჭდად საკმაოდ მცირე ზომისანი არიან, მკვლევრებმა მათი იდენტიფიცირება ყინულზე დატოვებული ექსკრემენტების კვალით შეძლეს, რომელიც თანამგზავრ Sentinel-2-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ყავისფერ ლაქებად მოჩანს. ამ მეთოდით მეცნიერებმა მთელი კონტინენტის სკანირება მოახდინეს და ფრინველების ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. ახალი კვლევის თანახმად, ანტარქტიდაზე საერთო ჯამში ზემოხსენებული სახეობის 61 კოლონიაა განლაგებული.

პინგვინის მიერ წყალქვეშ გამოცემული ხმა პირველად დააფიქსირეს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დედამიწის ორბიტაზე Sentinel-2-ის სახელით ცნობილი ორი იდენტური ზონდი ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებებზე დაკვირვების მიზნით გაუშვა. თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოსურათების ანალიზი მეცნიერებს დაეხმარება განსაზღვრონ, რა გავლენას ახდენს გლობალური დათბობა სამეფო პინგვინების პოპულაციაზე. ისინი ვარაუდობენ, რომ გარემო პირობების გაუარესების გამო, ამ სახეობის ფრინველების რაოდენობა დროთა განმავლობაში საგრძნობლად შემცირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები