Thumbnail

ნახეთ: SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 57 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 57 ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. კოსმოსური ხომალდების უმსხვილესი მწარმოებლისთვის ეს პროექტ Starlink-ის ფარგლებში განხორციელებული რიგით მეათე მისია იყო, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტის გარშემო განლაგებული მიკროსატელიტების რაოდენობამ 595-ს მიაღწია.

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით დედამიწაზე დაბრუნდნენ

ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრენილმა რაკეტამ Falcon 9 დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის თანამგზავრებთან ერთად ამერიკული კომპანიის BlackSky Global კუთვნილი ორი მცირე ზომის ზონდიც გაიყვანა. მისი პირველი, მრავალჯერადი გამოყენების საფეხური, რომელსაც უკვე ხუთ ფრენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, გაშვებიდან რვა წუთში უკან დაბრუნდა და ატლანტის ოკეანეში განლაგებულ პლატფორმაზე წარმატებით დაეშვა.

 

აღსანიშნავია, რომ ახლად გაშვებული თანამგზავრები დანარჩენებისგან განსხვავდება. თითოეული მათგანი მზის სხივებისგან დამცავი სპეციალური ფარითაა აღჭურვილი, რომელიც გლუვი ზედაპირის მქონე ნაწილებს, მაგალითად, ანტენებს, სინათლის არეკვლის საშუალებას არ აძლევს. SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ახალი დეტალის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ღამის ცაზე მოძრავი სატელიტების სიკაშკაშემ ასტრონომთა უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარებათ და კოსმოსზე მეცნიერულ დაკვირვებასაც აღარაფერი შეაფერხებს.

ნახეთ: SpaceX-მა კოსმოსური ხომალდის Starship პროტოტიპი გამოცადა

ილონ მასკის კომპანიის ამოცანა ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა 1584-ს მიაღწევს, მომავალში კი ორბიტაზე 42 ათასი სატელიტის განთავსებას იმედოვნებენ.

2020 წელს პროექტ Starlink-ის ფარგლებში SpaceX-ს სულ 24 გაშვება აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფ ინტერნეტს პირველი მომხარებლები მიიღებენ. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები