Thumbnail

კომპანია Hermeus აშშ-ის პრეზიდენტისთვის ჰიპერბგერით თვითმფრინავს შექმნის

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში დაფუძნებულმა აეროკოსმოსურმა სტარტაპმა Hermeus საკუთარ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. შეთანხმების თანახმად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო კომპანიას საპრეზიდენტო ფლოტისთვის განკუთვნილი ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შესაქმნელად 1.5 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსებს.

ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი მიმდინარე წლის დასაწყისში Hermeus-ის მიერ შექმნილი ძრავის პროტოტიპის წარმატებული გამოცდა გახდა. მისი საშუალებით თვითმფრინავი ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ სწრაფად იფრენს და საათში დაახლოებით 5300 კილომეტრს განავითარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკიდან პარიზამდე მანძილს 90 წუთში დაფარავს. ახლა ამისთვის 7 საათია საჭირო.

Hermeus-ის მიერ შექმნილი ჰიპერბგერითი ძრავი. ფოტო: Hermeus

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი თვითმფრინავის სადემონსტრაციო მოდელი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნება, ათი წლის შემდეგ კი კომერციული ავიალაინერიც იქნება ხელმისაწვდომი. მის ბორტზე 9-დან 19-მდე მგზავრი განთავსდება, რაც საპრეზიდენტო თვითმფრინავის ჩასანაცვლებლად საკმარისი არაა, თუმცა საფრენ აპარატს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციების, მთავრობის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ.

► კომპანიები Virgin Galactic და Rolls-Royce ზებგერით თვითმფრინავს შექმნიან

მოცემული დროისთვის აშშ-ის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი საჰაერო ფლოტი ორი Boeing VC-25-ისგან შედგება, რომელიც სამოქალაქო ავიაციაში ფართოდ გამოყენებადი Boeing 747-ის სამხედრო მოდიფიცირებული ვერსიაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები