Thumbnail

ახალი მოწყობილობა უცხო ენების შესწავლის უნარს 13%-ით აუმჯობესებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე პიტსბურგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში მომუშავე ნეირომეცნიერებმა გამოცადეს მოწყობილობა, რომელიც უცხო ენების შესწავლის უნარს 13 პროცენტით აუმჯობესებს. ინოვაციური მეთოდის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Science of Learning გამოქვეყნდა.

► ახალი მოწყობილობის საშუალებით სასურველ სიზმრებს ნახავთ

კვლევის ავტორთა მიერ შექმნილი მოწყობილობა ყურის გარეთა მხარეს მაგრდება და თავის ტვინიდან გამომავალ ყველაზე გრძელ, ცდომილ ნერვს სტიმულირებისთვის ელექტრულ სიგნალებს გადასცემს. მსგავსი არაინვაზიური ჩარევის შედეგად აქტიურდება კვანძები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილთან აკავშირებს, რაც ისეთი შემეცნებითი უნარის გაუმჯობესებას განაპირობებს, როგორიცაა ენების შესწავლა.

მეცნიერთა მიერ შექმნილი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს უცხო ენების უკეთ ათვისებაში ეხმარება. ფოტო: Leonard Lab

ახალი მოწყობილობის ეფექტურობის დასადგენად მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 36-მა ინგლისურენოვანმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა. მკვლევრებმა მათ ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტური ჯგუფის - მანდარინის 4 სხვადასხვა ტონის ამოცნობა დაავალეს, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ბგერების სიმაღლით განსხვავდება. ამის მიუხედავად, ცდისპირებს, რომლებსაც მოწყობილობის მეშვეობით ელექტროსიგნალები გადაეცათ, 4-დან 2 ტონის გარჩევა შედარებით გაუმარტივდათ, ხოლო სწავლების დასასრულს მათი კლასიფიცირება ჩვეულებრივზე 13 პროცენტით უკეთ შეძლეს.

► იაპონიაში ჭკვიანი ნიღაბი შექმნეს, რომელსაც 8 ენაზე თარგმნა შეუძლია

აღსანიშნავია, რომ ცდომილი ნერვის სტიმულირებით ეპილეფსიას, დეპრესიასა და ანთებით დაავადებებს უკვე მკურნალობენ, თუმცა ზემოხსენებულთან შედარებით ბევრად აგრესიული მეთოდებით. მკვლევართა აზრით, მათ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია იაფი და უსაფრთხოა და მისი გამოყენება არა მხოლოდ ენების შესწავლის უნარის გასაუმჯობესებლად, არამედ ამა თუ იმ კლინიკური პრობლემის აღმოსაფხვრელადაც შეიძლება. სამომავლოდ ისინი ნერვული სისტემის მუშაობის მექანიზმის უკეთ გაანალიზებასაც გეგმავენ, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღებად ელექტრული სიგნალების სწორი პარამეტრები შეარჩიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები