Thumbnail

კანადაში მდებარე შელფურ მყინვარს უზარმაზარი აისბერგები გამოეყო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადის არქტიკულ არქიპელაგში შემავალ კუნძულ ელსმირის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მილნის შელფურ მყინვარს დიდი ზომის ყინულის მასა მოწყდა, რომელიც ნაწილებად დაიშალა და უზარმაზარი აისბერგები წარმოქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

ნახეთ: ტემპერატურის მატების გამო კანადაში ორი მყინვარი გაქრა

სატელიტური ფოტოსურათები, რომლებიც ევროკავშირის კვლევითი პროგრამა Copernicus-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაგზავნილმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გადაიღეს, მოწმობს, რომ დაახლოებით 190 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ მყინვარს 79 კვადრატული კილომეტრი ფართობის კუნძული გამოეყო. შედეგად, ყინულის საფარი იქ 43 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოწყვეტილი მასა სხვადასხვა ზომის აისბერგებად დანაწევრდა, რომელთაგან ყველაზე დიდების ფართობმა 55 და 24 კვადრატული კილომეტრი შეადგინა. 

სატელიტური ფოტოსურათები, რომლებზეც მყინვარის დაშლის შედეგად გამოყოფილი უზარმაზარი ყინულის მასაა აღბეჭდილი. ფოტო: Canadian Ice Service

ნუნავუტის ტერიტორიაზე არსებული მილნის შელფური მყინვარი, რომელიც 4 ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა, ამ დრომდე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისგან დაცულად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო წლებში ტემპერატურის მატებას ვეღარ გაუძლო და დაიბზარა. სპეციალისტთა აზრით, ბოლოდროინდელი მოვლენა, სხვა გამომწვევ მიზეზებთან ერთად, უმთავრესად სწორედ უჩვეულო სითბოთი იყო განპირობებული.

► პოლარულ არქიპელაგ შპიცბერგენზე რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

მკვლევართა განცხადებით, აღნიშნულ რეგიონში მიმდინარე ზაფხულში დაფიქსირებული ტემპერატურა 1980-2010 წლების საშუალო მაჩვენებელს 5°C-ით აღემატება, რაც გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური დათბობა არქტიკაზე, ჩვენი პლანეტის სხვა მხარეებთან შედარებით, ორმაგად აისახება. მეცნიერთა ვარაუდით, თუ ამინდის ცვლილება უახლოეს მომავალშიც მსგავსი ტემპით გაგრძელდება, ზემოხსენებულ არეალში ყინულის საფარის ფართობი საგანგაშოდ შემცირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები