Thumbnail

ასტრონომებმა, სავარაუდოდ, 33 წლის ვარსკვლავი აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ასტრონომთა ორი სხვადასხვა ჯგუფი ვარაუდობს, რომ ყველაზე ახალგაზრდა ნეიტრონულ ვარსკვლავს მიაკვლია. გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნებული ნაშრომების მიხედვით, ის დედამიწიდან 170 ათასი სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის თანამგზავრ გალაქტიკაში მდებარე ზეახალი ვარსკვლავის SN 1987A აფეთქების შედეგად წარმოიქმნა და ჯერ მხოლოდ 33 წლისაა.

შორეულ გალაქტიკაში მდებარე ვარსკვლავი უკვალოდ გაუჩინარდა

SN 1987A მეცნიერებმა პირველად 1987 წლის 23 თებერვალს შენიშნეს და ათეულობით წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, დაედგინათ, რა წარმოიშვა მისი აფეთქების შემდეგ. მათი ნაწილი ვარაუდობდა, რომ ეს შავი ხვრელი უნდა ყოფილიყო, ზოგიერთის აზრით კი ზეახალი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ ნეიტრონული ვარსკვლავი დაიბადა.

მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში (UNAM) მომუშავე მკვლევრები შეეცადნენ, ამ კითხვაზე პასუხი თეორიული ანალიზის საფუძველზე მიეღოთ. მათი ვარაუდით, ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად შავი ხვრელი არ წარმოქმნილა, რადგან ის თავის გარშემო არსებულ სინათლეს შთანთქავდა და ჩვენთვის უხილავს გახდიდა. კოსმოსური მტვრის ღრუბელს კი, რომელიც აფეთქების შემდეგ შემორჩა, მის წიაღში დამალული ნეიტრონული ვარსკვლავი აცხელებს და აკაშკაშებს.

​ატაკამის უდაბნოში მდებარე რადიოტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათზე მტვრის ღრუბელში გახვეული ბირთვი მოჩანს. ფოტო: ALMA

ასტრონომთა მეორე ჯგუფმა კი ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე რადიოტელესკოპის მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის სურათები გააანალიზა. ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ დარჩენილი მტვრის ღრუბლის შიგნით მათ მხურვალე ბირთვი აღმოაჩინეს, რომლის ტემპერატურაც 5 მილიონ გრადუსს აღწევს. ის SN 1987A-ის ცენტრში არაა განლაგებული, თუმცა მკვლევართა თქმით, აფეთქების დროს წარმოქმნილი წნევის შედეგად წამში ასობით კილომეტრით შორდებოდა დაბადების ადგილს და ახლა სწორედ იქ იმყოფება, სადაც ნეიტრონული ვარსკვლავის მდებარეობას ვარაუდობდნენ.

მზის სისტემის პლანეტების პირველი კოსმოსური ფოტოსურათები

ნაშრომებში გამოთქმული მოსაზრებები მხოლოდ მას შემდეგ დადასტურდება, რაც მტვრის ღრუბლის ფენა გამჭვირვალე გახდება და ასტრონომები მის მიღმა ნეიტრონული ვარსკვლავის არსებობის ფაქტობრივ მტკიცებულებას მოიპოვებენ. ამ შემთხვევაში, SN 1987A-ის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ციური სხეული კაცობრიობის ისტორიაში აღმოჩენილი ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი იქნება. მანამდე კი ამ სტატუსს დედამიწიდან 11 ათასი სინათლის წლით დაშორებული, მაგელანის დიდ ნისლეულში მდებარე Cassiopeia A ინარჩუნებს, რომელიც 330 წლისაა.

კომენტარები

ბოლო ამბები